მამუკა ღლონტი: მოგელაძის უწყებას „მაესტროს“ ანგარიშებს აუცილებლად მივაწვდით

მამუკა ღლონტი: მოგელაძის უწყებას „მაესტროს“ ანგარიშებს აუცილებლად მივაწვდით

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტელეკომპანია „მაესტროს“ სარეკლამო ხელშეკრულებებით დაინტერესდა. ტელეკომპანიამ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან წერილი გუშინ მიიღო.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის ინტერესის საგანს წარმოადგენს, თუ  რომელ პოლიტიკურ სუბიექტებთან აქვს ტელევიზიას გაფორმებული კონტრაქტი, რა ტიპის შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ პარტისა და ტელევიზიას შორის, რამდენს შეადგენს მომსახურების ღირებულება ჯამში,  როგორია ანაზღაურების პირობები და დღეის მონაცემებით პოლიტიკურ სუბიექტებს გადახდილი აქვს თუ  არა რეკლამის საეთერო დროის ღირებულება.   

სახელმწიფო აუდიტის წერილის საპასუხოდ,  „მაესტროს“  დამფუძნებლები დოკუმენტაციას უკვე  ამზადებენ.

„მაესტროს“ დირექტორის მამუკა ღლონტის განცხადებით,  მოგელაძის უწყებას ამ ანგარიშებს აუცილებლად მიაწვდის.

„ყველა სარეკლამო თანხა  „მაესტროს“ მხრიდან მიღებულია. სარეკლამო თანხების მიღების პროცესში ჩვენ საკმაოდ მკაცრები ვიყავით. იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ფასდაკლებებს ბევრი მეგობარიც შეიძლება გადავიკიდეთ, მაგრამ ჩვენთან ამ მხრივ, ძალიან სიმკაცრეა.  არ ვიცი ქალბატონ მოგელაძეს თუ გონება სუსტები ვგონივართ ან მათ ტვინში რა იხარშება.  ეს  ხელწამოსაკრავი თანხა არაა  ყოველშემთხვევისთვის,  ეს თანხა „მაესტროსთვის“ მნიშვნელოვანია  და ჩვენ  სწორედ იმისთვის ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ თანხები და განვითარდეთ.  მოგელაძის უწყებას აუცილებლად მივაწვდით ამ ანგარიშებს. ეს ყველაფერი ღიაა“, - განაცხადა ღლონტმა.

ღლონტის განცხადებითვე, „მაესტროსთვის“ ანტენების დაყადაღება  აბსურდულია. შესაბამისად, მისი თქმით,  „მაესტრო“  ყველა სამართლებრივი გზით ბრძოლას  გააგრძელებს.

„ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, ჩვენ სხვა რა საშუალება გვაქვს, ქართულ სასამართლოებს მოვივლით, და შემდეგ ევროპის სასამართლოებს მივმართავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს“, - განაცხადა  ღლონტმა.