გია ცაგარეიშვილი: საქართველო ნელ-ნელა ირანს ემსგავსება, სადაც ანტენებს ცულით ჩეხავდნენ

გია ცაგარეიშვილი: საქართველო ნელ-ნელა ირანს ემსგავსება, სადაც ანტენებს ცულით ჩეხავდნენ

კონტროლის პალატის გადაწყვეტილების, ამჯერად ტელეკომპანია „მაესტროს“სატელიტური  ანტენების დაყადაღების შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ეს არის დანაშაული პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ, რადგან  სააკაშვილისთვის კარგადაა ცნობილი, რომ თავისუფალი სიტყვა და ინფორმაცია „დამოკლეს მახვილის როლს“ შეასრულებს მისთვის.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა ერთ საათში დააკმაყოფილა. რა შეფასება შეიძლება მიეცეს  გლობალ ტვ-ის შემდეგ, ამჯერად, ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების ფაქტს?

 რა შეფასება შეიძლება გაუკეთოს ადამიანმა ამ ფაქტს. ეს არის საქართველოში ფუნდამენტალიზმის საბოლოო დამკვიდრება. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, გარდა ირანის ისლამურ რესპუბლიკისა, სადაც  ანტენებს ლამის  ცულით ჩეხავდნენ და როგორც ჩანს, ჩვენთანაც აქამდე ბევრი არაფერი უკლია. სიტყვით კი ამ დროს ნატოსა და ევროკავშირისგან მივისწრაფვით. ეს მაგალითი ყველაზე ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დაშორებულია მიხეილ სააკაშვილის სიტყვა და საქმე ერთმანეთს. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიულ სახელმწიფოში ანტენებს აყადაღებდნენ და მედიას თავისუფალ სიტყვას გავრცელებას უკრძალავდნენ.

შეიძლება თუ არა“ გლობალ ტვ“-ისა და „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღება შეფასდეს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ  ბრძოლის ფაქტად?

ეს არა მარტო ამგვარად უნდა შეფასდეს, არამედ  უნდა შეფასდეს როგორც  დანაშაული. როდესაც მიდის მოსახლეობის ზომბირება, ფორმირება და ტვინების გამორიცხვის პროცესი.  ტექნოლოგიების განვითარების უსწრაფეს ეპოქაში სააკაშვილს, რომელსაც საკუთარი თავი ამ ქვეყნის მმართველად მიაჩნია, ჰგონია, რომ ამ საშუალებებით ადამიანებს ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ საშუალებებს მოუსპობს, რათა მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რეალური სიმართლე შეიტყონ. 

 როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოების მხრიდან როგორ იქნება აღქმული ხელისუფლების ეს ნაბიჯი?

ჩვენ ახლა მეოთხე დღეა ხაშურის რაიონში ვიმყოფებით და შეხვედრებს ვმართავთ. მოსახლეობას პირუთვნელი ინფორმაციის მიღება სურს, რომელსაც ვერ ახერხებენ. ყველა ხვდება, რომ ქვეყანა სააკაშვილმა „დენთის კასრზე“ დასვა. ყველა ხვდება, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და რადგან ადამიანი პირველ რიგში, სოციალური არსებაა, ყველას  სურს ამ მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობის მიღება, სურთ ახალი ქვეყნის შენების თანამონაწილედ გახდომა. შენ როდესაც ადამიანებს ამ ყველაფერს უკრძალავ და უხშობ საინფორმაციო სივრცეს, ეს ასე არ დამთავრდება. ზოგიერთი ტელევიზიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილზე „რეკლამებს“ ავრცელებენ, პირდაპირ მიჩენს აზრს, რომ ეს ტელევიზიები, შს სამინისტროს დანაყოფები არიან. იქ ყველა საზოგადოების ტვინების გამორიცხვაზე მუშაობს.

ხაშურში ანტენების საშუალებით ვუყურე  რუსულ არხებს. როგორც „ორტ“ და „რტრ“ 24 საათის განმავლობაში აქებენ და ადიდებენ პუტინს, მედვედევს და რუსულ მთავრობას, ასევე აქებენ ქართული სახელისუფლო  არხები სააკაშვილს და მის მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ამ რეჟიმის ნგრევას დააჩქარებს. საზოგადოებას  ვეღარ დააჯერებ, რომ ივანიშვილი კრემლის აგენტია და რუსეთიდან არის შემოგზავნილი. სააკაშვილის მთავრობა ქართული მოსახლოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებს, მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებს, რათა შემდგომ დაამონოს ისინი.

მინდა გითხრათ, რომ უკვე საქართველოს მეშვიდე რაიონის მოსახლოებას ვხვდებით და შეიძლება გული გაგისკდეთ, ისეთ მდგომარეობაშია ხალხი, ისეთი უკიდურესი გაჭირვებაა საქართველოს რაიონებში, ქართველი გლეხი მიწის მუშადაა ქცეული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, დღეს რითი გამოკვებოს ოჯახი. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ თავისუფალი სიტყვა და ინფორმაცია „დამოკლეს მახვილის როლს“ შეასრულებს მისთვის. ამიტომ შეიჭრა მაშინ ტელეკომპანია „იმედში“, დაანგრია იქაურობა და წაართვა კანონიერ მფლობელს. ამიტომ ახორციელებს ახლა კონტროლის პალატის საშუალებით სატელიტური ანტენების დაყადაღებას.

ნიშნავს თუ არა ხელისუფლების ეს ნაბიჯი სატელიტური ანტენების მორიგი დაყადაღების შესახებ, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებას აზრს აღარ უწევს?

სააკაშვილი დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოებას აზრს აღარ უწევს. ის ნელ-ნელა ემსგავსება იმ აფრიკელ ავტოკრატს და დიქტატორს, რომელიც საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი  ცხოვრობს და შემდეგ ხალხი დაამხობს ხოლმე.  ნათელია, ქვეყანა ამ პროცესებს უახლოვდება. ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ როდესაც შენ ყველაფერს აკეთებ, რომ ადამიანებს ინფორმაციის თავისუფალი წვდომის საშუალება მოუსპო, ვიმეორებ, სამწუხაროდ, ყველაფერი აქეთ მიდის.