ნუგზარ წიკლაური : ივანიშვილი სერიოზულ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა

ნუგზარ წიკლაური : ივანიშვილი სერიოზულ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. წიკლაურის თქმით, ივანიშვილის გადამეტებული ინტერესი საეჭვო ფილოსოფიურ თხზულებებთან, როგორიც არის მენცარის შემოქმედება, ამ ადამიანს არაპროგნოზირებადს ხდის.

from.ge ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობს და იცნობს ივანიშვილს როგორც ქველმოქმედს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერაბიშვილი უმრავლესობის წევრების მსგავს ტონალობაში არ საუბრობს. თქვენი ტონალობა რატომ შეიცვალა?

უმრავლესობის არაერთ წარმომადგენლს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის უმჯობესი იყო იმ სფეროში ყოფილიყო, რა სფეროშიც საქმიანობდა. ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა სფეროს, მაგალითად თეატრებისა და უნივერსიტეტების დახმარებას.

რაც პოლიტიკაში წავიდა, ბიძინა ივანიშვილი გარდაიქმნა?

ეს არ ვიცი რატომ წავიდა პოლიტიკაში, პოლიტიკა სრულიად სხვა სფეროა და პოლიტიკაში ადამიანისგან ითხოვენ იმას თუ როგორია მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ორიენტირები.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბიძინა ივანიშვილი მიუღებელი  მას შემდეგ გახდა რაც პოლიტიკაში წავიდა, მანამდე მისაღები იყო?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა მიუღებელი არ არის, რადგან რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, მით უფრო დემოკრატიულია გარემო. მიუღებელია ის წინადადებები, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე გამოაქვეყნა. ეს არის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული პოზიცია, რომ ომი საქართველომ დაიწყო და პუტინი დემოკრატი ლიდერი იქნება. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია.   

მოსახლეობაში ივანიშვილს მხარდამჭერები რომ ჰყავს, ამაზე რას იტყვით?

ეს არის სწორედ დემოკრატია, რომ ნებისმიერ პოზიციას თავის მხარდამჭერი ჰყავს, საქმე ის არის თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს.

ივანიშვილს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები არა ჰყავს?

ამას არჩევნები და მისი შედეგები გამოაჩენს.

ივანიშვილის ბლოკის შესაძლებლობებს როგორ აფასებთ? პარლამენტში მოხვედრის რა შანსი აქვს ამ ბლოკს?

ეს დაემსგავსება პროგნოზირებას და მკითხაობას, არჩევნები იქნება და ყველანი დავინახავთ თუ რა მოხდება.

ივანიშვილის გუნდი პარლამენტში მოხვედრას ორი მესამედით ან სამი მეოთხედით აპირებს, ამაზე რას იტვით?

ეს ძალიან სუსტი განცხადებაა. ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს უნდა დავეთანხმო, შეუძლებელია ასეთი განცხადებების შემდეგ მისი როგორც სერიოზული პოლიტისოსის აღქმა.

ივანიშვილი სერიოზულ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა?

რა თქმა უნდა ვერ ჩამოუყალიბდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შემთხვევით მოვიდა პოლიტიკაში და ასევე  შემთხვევით წავა. ყველასთვის გასაგები სიგნალია, რომ 1 კვირის შემდეგ შეუძლებელია გამოიცნო ივანიშვილი საერთოდ იქნება თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უცბად წავა?

ეს მისი სიტყვებია, თავად აცხადებს, რომ შეიძლება ისევე უცნაურად წავიდეს პოლიტიკიდან როგორც გამოჩნდა. საერთოდ, მისი გადამეტებული ინტერესი საეჭვო ფილოსოფიურ თხზულებებთან, როგორიც არის მაგალითად მენცარის შემოქმედება, ამ ადამიანს არაპროგნოზირებადს ხდის. მისი შემდეგი ნაბიჯების გამოთვლა ყველასთვის ძნელია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც რომ აკეთებენ არაპროგნოზირებად და გაუთვლელ განცხადებებს?

რას?

მაგალითად პრეზიდენტი ხშირად აკეთებს გაუთვლელ განცხადებებს?

რას? დაასახელეთ.

ჯერ აქებდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და ამ ცენტრს, შემდეგ კი თქვა, რომ უსაქმურობის ბუდეა.

განათლების სამინისტროში ძალიან დიდი პრობლემა იყო - ქრთამის პრობლემა უმაღლეს სასწავლებლებში. მნიშვნელოვანი იყო არა აბიტურიენტების ცოდნა, არამედ თუ რამდენ ფულს მიიტანდა კორუმპირებულ მუშაკთან. ეს შეიცვალა განათლების სამინისტროსა და ქართული სახელმწიფოს მცდელობით. ის რაც ამ მიმართულებით გააკეთა განათლების სამინისტრომ, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მისასალმებელია. მაგრამ როდესაც მასობრივად პოლიტიკური განცხადებების  გაკეთებას იწყებენ, ეს არ არის მისასალმებელი, რადგან განათლების სამინისტრო დეპოლიტიზებული სისტემა უნდა იყოს.