„საია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა“  სასამართლოს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებაზე მტკიცებულებების  წარმოდგენას სთხოვს

„საია“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა“ სასამართლოს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებაზე მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მთავარ პროკურატურას გამოაქვეყნონ შესაბამისი მტკიცებულებები და წარმოადგინონ ადეკვატური იურიდიული განმარტებები ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ იმპორტირებული სატელიტური თეფშების დაყადაღების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ,  არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. მათი თქმით, სატელიტური თეფშების დამონტაჟების აღკვეთა, შესაძლოა საზოგადოების მიერ მედიის ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად იყოს აღქმული.

„სატელიტური თეფშების დამონტაჟების აღკვეთა, რომლის გავრცელებაც, „მაესტროს“ განცხადებით, მის მფლობელთა დაფინანსებით მოხდება, შესაძლოა საზოგადოების მიერ მედიის ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად იყოს აღქმული. მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს პროპორციული და უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ასევე, ნათლად და საჯაროდ უნდა განიმარტოს,  რატომ არის „მაესტროს“ მიერ თეფშების გავრცელება ამორჩევლის მოსყიდვა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ როგორც მათთვის ცნობილია, „მაესტროს“ მიერ ანტენების დისტრიბუციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და შესაბასმისად აქციის პირობები ცნობილი არ არის.

„მიმდინარე წლის 3 ივლისს მაესტროს დირექტორმა ილია კიკაბიძემ media.ge-ს განუცხადა: „ხელშეკრულებაზე ჩვენი იურისტები მუშაობენ.ახლა არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რა ეღირება ეს თეფშები, ან რა პირობები იქნება. მაგრამ გადასახადს ძალიან მინიმალურს,სიმბოლურ თანხას დავაწესებთ“ , - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, მთავარი პროკურატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს თეფშების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა, რადგანაც გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენები შემოიტანა.

„მაესტროს“  თეფშების დაყადაღების სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ პროკურატურამ განცხადება გუშინ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.