„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ იძულებით მმართველად  ვლადიმერ უგულავა დაინიშნა

„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.

ვლადიმერ უგულავა ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის პრეზიდენტია, იგი უკრაინული „ტაოპრივატბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მისი განცხადებით, ის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს და „ქართუ ჯგუფში“ მომუშავე პერსონალის უფლებებს დაიცავს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქალაქო სასამართლოს  „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას  დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი მესაკუთრის ყველა უფლებით სარგებლობს, ხოლო ქონება მოვალის საკუთრებაში რჩება.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც გუშინ უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.

ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.