მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობაას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობაას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კი, წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა, რომელიც 11 ივნისს დაიწყო და დღეს, საზეიმო ლიტურგიის შემდეგ დასრულდება.

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო კი უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით კი იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.