სააკაშვილი:  ევროკავშირში ინტეგრაცია, უვიზო მიმოსვლა  და თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა თუ შევძელი, ეს ოცნებას აღემატება

სააკაშვილი: ევროკავშირში ინტეგრაცია, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა თუ შევძელი, ეს ოცნებას აღემატება

 „მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი, გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს  ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც ათობით ათას დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში. მეორე, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ამ მხრივ, სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ და გვაქვს შანსი, მომავალი წლისთვის მოლაპარაკება დავასრულოთ. ე.ი. საქართველოს ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით, უვიზოდ შევა ევროკავშირის ქვეყნებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობის დასრულების შემდეგ,  ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ვილფრიდ მარტინსთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თუკი ვილნიუსის სამიტმა, ამის პარალელურად, მოგვცა განაცხადი იმის თაობაზე, რომ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ,  საქართველოსთვის ეს  საკუთარი მომავლის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით ისტორიული გარღვევა იქნება.

„ეს შეეხება  აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მზად იქნება ამ დროისთვის ზუსტად იგივე კრიტერიუმები დააკმაყოფილოს და თანაბრად ვრცელდება  იმ ქვეყნებზე, რომლებიც განახორციელებენ რეფორმებს. ეს ვადა პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემთხვევა ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და თუკი იმ დროისათვის შევძლებ საქართველო ვაქციო ევროკავშირში ინტეგრაციის მყარი პერსპექტივის მქონე ქვეყანად, უვიზო მიმოსვლითა და თავისუფალი ვაჭრობით ევროპასთან, ეს ოცნებას აღემატება“,-  განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის  სხდომაზე მიღებულ დოკუმენტზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამ დოკუმენტში ასევე  მხარდაჭერილია ის ასპექტები, რომელთა თანახმად, „ერასმუსის“ პროგრამა ქართველ სტუდენტებზე გავრცელდება.

„ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტუდენტებს იარონ ევროპაში და უსასყიდლოდ ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა იარონ მთელ ევროპაში და მიიღონ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის განათლება. ამავდროულად, დღეს ამ დოკუმენტით მხარი დაუჭერეს იმას, რომ ბათუმში გაიხსნას ევროპული კოლეჯი. ასეთი მარტო ბრიუგეში და  ბელგიაშია და იქნება ბათუმშიც“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ  ევროპული კოლეჯი აქ - ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდება დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები ისწავლიან მთელი რეგიონიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან,  იქნებიან ევროპელი პროფესორები, ევროპული დიპლომი გაიცემა, ევროპული დასაქმების პერსპექტივით.