აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო "ქართუ ჯგუფის" აქციების აუქციონზე ხელახლა გატანის საკითხს დღეს გადაწყვეტს

დაინიშნება თუ არა "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების სარეალიზაციოდ განმეორებითი აუქციონი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დღეს გახდება ცნობილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ობიექტების შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაცია დღის განმავლობაში გავრცელდება.

ინტერნეტ აუქციონზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციები გუშინ გავიდა. პროცესი 18:00 საათზე შეწყდა, თუმცა აქციების ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს.

კანონმდებლობის მიხედვით, განმეორებითი აუქციონი 15 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს დირექტორის განკარგულების საფუძველზე, ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 0 ლარით განისაზღვრება.

ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს "ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს "პროგრეს ბანკში" – 3 566 498 ლარად შეაფასა.