დავით უსუფაშვილი: ფულე დაგვპირდა, რომ ყველა ზომას მიიღებს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად

დავით უსუფაშვილი: ფულე დაგვპირდა, რომ ყველა ზომას მიიღებს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად

„ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში ცვლილებების დრო მოვიდა“, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისარი კარგადაა გარკვეული საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის კარგად ამჩნევს, რომ საქართველოში მიღწევების მიღმა იმალება ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის

„პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არჩევნების შემდეგ საქართველო აღარ იქნება ის, რაც არის დღეს, მაგრამ როგორი იქნება - უკეთესი თუ უარესი, ეს დამოკიდებულია საარჩევნო პროცესზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით, ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სისტემა და სტრუქტურები სრულად არიან ჩაბმულნი ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად.

„თქვა, რომ ასეთი პოლარიზებული და დაპირისპირებული პოლიტიკური ვითარება ხელს არ უწყობს ქვეყნის უკეთეს მომავალს ევროპაში. დაგვპირდა, რომ ევროკავშირი და პირადად თვითონ ყველა ღონეს იხმარს, რათა ხელისუფლებასთან დაისვას და გადაწყდეს კონკრეტული საკითხები არჩევნების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რესპუბლიკელების" ლიდერის თქმით, ყველა, ვინც საქართველოს აკავშირებს სააკაშვილთან და სააკაშვილის კრიტიკას მიიჩნევს საქართველოს კრიტიკად, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ქართველი ხალხის წინაშე

„ეს არის სააკაშვილის "დამსახურება" მმართველი პარტიის და სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმის გამო. ყველას, ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში ცვლილებების დრო მოვიდა. რა იქნება უკეთესი, ამაზე შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულებები იყოს, მაგრამ სააკაშვილის დრო რომ წავიდა, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.