ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა და მარტინსი მისი სიცრუის ტყეობაშია

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა და მარტინსი მისი სიცრუის ტყეობაშია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისართან გაფართოებისა და უსაფრთხოების საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტინსი საქართველოს პრეზიდენტის ტყუილების ტყვეობაშია.

ივანიშვილის თქმით, კოალიცია იმუშავებს იმაზე, რომ საქართველოში არსებული რეალური სურათი ვილფრიდ მარტინსის გააცნოს.

„იგი სააკაშვილის სიტყვებით საუბრობს, კომუნისტებს და წარსულის დაბრუნებას ახსენებს ძალიან ხშირად. მე არ მინდა ვუპასუხო მას, რადგან სააკაშვილი არის ძალიან მაგარი პროფესიონალი მატყუარა და მარტინსი მხოლოდ მისი სიცრუის ტყეობაშია. „სახალხო პარტია“, რომლის წევრიც  „ნაციონალური მოძრაობაა“, სწორედ კომუნისტების დახმარებით ცდილობდა დაებლოკა და ევროპარლამენტში განსახილველად არ გაეტანა საქართველოს საკითხი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი და მარტინსიც კომუნისტებს დღეს სალანძღავ სიტყვად იყენებენ.

„არადა, სწორედ კომუნისტები ეხმარებოდნენ მათ, რომ საქართველოს საკითხი არ დამდგარიყო ევროპარლამენტში. ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ყველა მის სასარგებლოდ საუბრობდა. ამისთვის, მე მოგიწოდებით, ნახოთ ფაქტები, ვინ როგორ გამოვიდა და ვინ რა თქვა. იქ პრაქტიკულად არაფერი იყო სააკაშვილის სასარგებლოდ და ყველაფერი რეალობას ასახავდა“,-  განაცხადა ივანიშვილმა.