ბიძინა ივანიშვილი: შტეფან ფულე  ხელისუფლების რეალურ სახეს კარგად აცნობიერებს

ბიძინა ივანიშვილი: შტეფან ფულე ხელისუფლების რეალურ სახეს კარგად აცნობიერებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.

შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მას კოალიციის მხრიდან ასევე  მაია ფანჯიკიძე და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ, ევროკავშირის მხრიდან კი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკომისარის კაბინეტის წევრი ალიონა ობრუსნიკოვა.

შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში ჩატარდა. საუბარი  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ნახა.

„სხვათაშორის მე ჩემი თავი შემთხვევით მგონია პოლიტიკაში მოსული და ასე ვთვლი დღესაც. აღმოვაჩინე საოცრად შთამბეჭდავი და საოცრად გულწრფელი ადამიანი.  პოლიტიკოსებს ხშირად ასეთი გულწრფელობის გამოხატვა უჭირთ.  მე დღეს  ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე და ჩემთვის ეს  ძალიან სასიამოვნო და მთავარი იყო.  ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე. არცერთი ევროპელი პოლიტიკოსი არ მინახავს ასე კარგად,  ღრმად  ფლობდეს საქართველოში არსებულ სიტუაციას. მხედველობაში მყავს პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც  მოქმედ პოლიტიკაში არიან. ის ძალიან კარგად აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლების რეალურ სახეს. პრინციპული პოლიტიკოსია და ჩემი აზრით,  მას შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო პოზიცია დაიჭიროს ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, შტეფან ფულეს აინტერესებდა თუ ვინ იყო და აღნიშნა, რომ „მგონი გაიგო რეალურად ვინ ვიყავი“.

 ევროკომისარი ფულე დაინტერესდა კოალიციის საარჩევნო პროგრამითა და სამომავლო გეგემებით. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის, მისი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური გეგმების თაობაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.