კახა კახიშვილი: კვლევები სიმართლეს და მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ  ასახავს

კახა კახიშვილი: კვლევები სიმართლეს და მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავს

„საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები სიმართლეს და მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ  ასახავს. 

კახიშვილის განცხადებით, კვლევის ჩატარების წინაპირობებში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებს, ის თუ  რამდენად გახსნილია ადამიანი და რამდენად გულახდილად პასუხობს ინტერვიუერის მიერ დასმულ შეკითხვებს.

შესაბამისად, კახიშვილის მტკიცებით, ვინადან მოვლენები უფრო მძაფრდება, NDI -ის  კვლევის შედეგები  ბოლომდე საზოგადოების განწყობის  მიმომხილველი არაა.

„მაგალითად, თუნდაც კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა ე.ი. მათ  მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა იმ ინსტიტუტებში,  რომელიც დემოკრატიის ხარისხს უნდა ამაღლებდეს. აქედან გამომდინარე ადამიანი,  რომელმაც სასამართლოში სამართალი ვერ მონახა,  რომლის მიმართაც პოლიცია და პროკურატურა ტენდენციური იყო,  ახლა ადგება და ისაუბრებდა თუ რა პრობლემები აწუხებს რეალურად და ვისი ბრალია ეს პრობლემები?“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, NDI -ის კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ძირითადი აქცენტი სოციალურ მდგომარეობაზეა გადატანილი, თუმცა აღნიშნავს, რომ გაუარესებული  სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ამის მიზეზებზე არავინ ისაუბრებდა.

„ვინ ან რა არის ამის მიზეზი და ვისი პოლიტიკის შედეგად მოხდა ასეთი სოციალური კრახი საქართველოში,  ამაზე დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები  არ უპასუხებდნენ, რადგან იციან,  რომ პოლიტიკურ შეფასებებში გადავიდოდნენ. ასეთ ვითარებაში  ვფიქრობ,  რომ კვლევა მოსახლეობის რეალურ  განწყობას ბოლომდე ვერ ასახავს“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ  „საბჭოთა კავშირის დროსაც, რომ ეკითხათ სურდათ თუ არა საბჭოთა კავშირის დაშლა,  მხოლოდს 3%  გასცემდა  დადებით პასუხს, ახლაც ასეთი მდგომარეობაა“.