„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის  ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის სხვადასხვა ფაქტებს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენელმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან, გიორგი ტუღუშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წულუკიანმა ომბუდსმენს ის ფაქტობრივი ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს.

„ეს მოიცავს არამარტო მანქანის ნომრებს, რომელშიც ზონდერები ისხდნენ, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გვარებსა და სახელებს, სოფლების დასახელებებსა და იმ ადგილებს, რომელშიც ეს ფაქტები ხდებოდა. სახალხო დამცველისგან კი ვითხოვე რეაგირება როგორც პრევენციის, ასევე მომდევნო რეაგირების სახით“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველთან შეთანხმდა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კოალიცია აქტიურად მიაწოდებს ინფორმაციას სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამით სახალხო დამცველს შესაძლბელობა მიეცემა ფაქტების შესწავლა და რეაგირება მყისიერად მოახდინოს.

საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის უკვე ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტების შესახებ, თუმცა დამატებითი ცნობები დაეხმარება მომხდარს სათანადო შეფასება მისცეს.

„თუმცა ქალბატონი თეასგან მე მივიღე დამატებითი მასალები და ინფორმაცია, სადაც საუბარია კონკრეტულ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ხელის შეშლის ფაქტებზე, რათქმაუნდა სახალხო დამცველს თავისი ინიციატივით დაწყებული აქვს ყველა ფაქტის შესწავლა, თუმცა ეს მასალები დამეხმარება ჩვენი მხრიდან ძალიან მალე გაკეთდეს შეფასებები კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ტუღუშმა.