მინაშვილი: პოლიტიკური დემოკრატიისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაა, რასაც ივანიშვილი ეწევა

მინაშვილი: პოლიტიკური დემოკრატიისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაა, რასაც ივანიშვილი ეწევა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი პირველი დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეწევა. აღნიშნული შეფასება მინაშვილმა NDI-ს კვლევის შეფასებისას გააკეთა.

მინაშვილის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ადამიანების მოსყიდვა დემოკრატიისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

მისივე თქმით, NDI-ს კვლევის თანახმად, ნეგატიური პროცესია, როდესაც ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხების გამოყენება ხდება.

კითხვაზე, რატომ იკლო იმ ადამიანების რიცხვმა ვინც ფიქრობს რომ საქართველოში დემოკრატიაა, მინაშვილმა ამ საკითხის კომენტირების ნაცვლად „მასთ ქერზე“ ვრცლად ისაუბრა.  

„ხელისუფლებამ, მთავრობამ ბევრი კონსულტაციების შედეგად ჩაატარა რეფორმა, იმისათვის, რომ ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იყოს და ეს ასეც იქნება. მათ  შორის მინდა დავასახელო „მასთ ქერის“ პრინციპი, ის ფართო გაგება, რომელიც შემოღებულია, როდესაც საკაბელო ტელევიზიები ვალდებული არიან ჩართონ როგორც სიხშირული, ასე სატელიტური სიხშირის მქონე მაუწყებლები. რაც არსად არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის დემოკრატიაა მთავარი და ეს არის ამ ქვეყნის განვითარების ერთადერთი წინაპირობა, ამიტომაც ვიღწვით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. „მასთ ქერის“ პრინციპი იმიტომ არის გატარებული, რომ ინფორმირებული არჩევანი იყოს“, – აღნიშნა მინაშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველოს მოსახლეობას სრული თავისუფლება აქვს თავის პოზიცია გამოხატოს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს საშუალება აქვთ თავის პოზიცია დააფიქსირონ როგორც საჯაროდ, ისე სხვადასხვა ბრიფინგებზე და საინფორმაციო მიტინგებზე.

„საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია კონსოლიდირებულია, ჩვენ ბევრი რეფორმა ჯერ კიდევ გასატარებელი გვაქვს, ეს რეფორმები საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ერთად გაგრძელდება“, - აღნიშნა მინაშვილმა.  

NDI-ს კვლევის მიხედვით კი, რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

 კითხვაზე - "საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია"? -  რესპოდენტთა 43%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. 38%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 18%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

 "2012 წლის თებერვალში ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 49%-მა დადებითი პასუხი გასცა. მაშინ მხოლოდ 34%-მა განაცხადა, რომ დემოკრატია არ არის. თებერვლის შემდეგ ამ საკითხზე დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა თითქმის 10%-ითაა შემცირებული", - აღნიშნა დღეს NDI-ს საქართვლოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ.