სტუდენტური ოსკარის მფლობელი  აზერბაიჯანული ფილმის ქართველი  სამხატვრო ხელმძღვანელი (VIDEO)

სტუდენტური ოსკარის მფლობელი აზერბაიჯანული ფილმის ქართველი სამხატვრო ხელმძღვანელი (VIDEO)

გერმანიის ქალაქ კიოლნის საერთაშორისო  კინოსკოლის სტუდენტის  აზერბაიჯანელი ელმარ იმანოვის სადიპლომო ფილმმა  სახელწოდებით  „მესაფლავის საქანელა“ ამერიკის კინოაკადემიის სპეციალური სტუდენტური „ოსკარი“ აიღო . პრიზს „ოსკარის“ ფორმა არა აქვს, ის ბრინჯაოსია, თუმცა როგორც საუკეთესო  უცხოენოვანმა ფილმმა  მესამე ადგილი  ღირსეულად მოიპოვა.

ფილმის დამდგმელი მხატვარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის ტელე-კინო მიმართულების კურსდამთავრებული - ქეთევან ნოზაძეა.

კიოლნის საერთაშორისო კინოსკოლის აზერბაიჯანელ სტუდენტ  ელმარ იმანოვსა და  ქეთევან ნოზაძეს შორის კონტაქტი  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საიტის (www.gnfc.ge)  საშუალებით შედგა. საქართველოში მოღვაწე რეჟისორისა და სცენარისტის შტეფან თოლზის მიერ კინოცენტრის საიტზე განთავსებულ განცხადებაში, აღნიშნული ფილმის დამდგმელი მხატვრის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ იტყობინებოდნენ.  ქეთევან ნოზაძე  შტეფან თოლზის მეშვეობით, ფილმის რეჟისორ  ელმარ იმანოვს  დაუკავშირდა.

„საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის მაისის ბოლოს, საკონკურსო მოთხოვნები ბიოგრაფია, cv,  სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მონაცემები აღნიშნულ მისამართზე გავაგზავნე და ბათუმში „ანოს და ვანოს თავგდასავალის“ გადაღებებზე წავედი. (ქეთი  „ანოს და ვანოს თავგადასავალის“ ერთ-ერთი, მხატვარია) დაახლოებით,  ერთი თვის შემდეგ, ჯერ კიდევ ბათუმში ვიყავი გადაღებებზე, გერმანიიდან დადებითი პასუხი მივიღე და მათ ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, ფილმის დამდგმელ მხატვრად დამამტკიცეს“, - ამბობს ქეთევან ნოზაძემ.

მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში  ფილმის გადამღებ  ჯგუფს ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებოდა.

„20 აგვისტოს „ანოს და ვანოს  თავგადასავალის“  გადაღებების დასრულებიდან,  ერთ კვირაში აზერბაიჯანში, ახალი მოვალეობის შესასრულებლად გავეშურე. გადამღები ჯგუფი ბაქოში დავბინავდით, ნამდვილი მრავალფეროვნება გვქონდა. ოპერატორი მაროკოელი იყო,  გამნათებელი ესპანელი, „კამერამენი“ ყაზახი,  რეჟისორი  აზერბაიჯანელი და მხატვარი ქართველი“, - ამბობს ქეთევანი from.ge - სთან საუბარში.

 ფილმი „მესაფლავის საქანელა“  მამა - შვილის ურთიერთობაზეა. შვილი გონება შეზღუდულია  და მიუხედავად ამისა,  მამა გამუდმებით ცუდად ეპყრობა და სცემს.  მოულოდნელად, ის ცუდად ხდება და  ექიმი კიბოს დიაგნოზს უსვამს.  ამის შემდეგ,  მამა კარდინალურად იცვლება. ის შვილის მიმართ, განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავს. მალე სოფელში ახალი ექიმი ჩამოდის, მამას შვილი ამ ექიმთან მიჰყავს,  აღმოჩნდება, რომ წინა ექიმმა ბავშვს არსწორი დიაგნოზი დაუსვა. „ფილმი დრამაა და  იმის შესახებ მოგვითხორობს, თუ როგორ შეაგრძნობინა მცდარმა დიაგნოზმა, სასტიკ მამას  შვილის სიყვარული“, - ამბობს ქეთევანი.

როგორც ქეთევან ნოზაძე ისე ფილმის მთელი გადამღები ჯგუფი  „მესაფლავის საქანელის“ დაჯილდოებამ და ამერიკის კინოაკადემიის სპეციალური სტუდენტური ოსკარის მოპოვებამ ძალიან გაახარა.

ამჟამად,  ქეთევან ნოზაძე საქართველოში არსებულ, სხვადასხვა, პროექტებში მონაწილეობას განაგრძობს.