ლამბერტო ზანიერი: ეუთოს რეზოლუცია  პოლიტიკური სიგნალია და მისი ღირებულებაც სწორედ ეს არის

ლამბერტო ზანიერი: ეუთოს რეზოლუცია პოლიტიკური სიგნალია და მისი ღირებულებაც სწორედ ეს არის

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ,  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მნიშვნელოვანი სიგნალია.

მისი თქმით, ეს რეზოლუცია არ არის ეუთო-ს ოფიციალური გადაწყვეტილება, დოკუმენტი პარლამენტართა ჯგუფის პოზიციას გამოხატავს, რომელსაც ეუთო აუცილებლად გაანალიზებს.

„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სიგნალი და მისი ღირებულებაც სწორედ ეს არის“, - განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია გუშინ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ეუთოს პოლიტიკური კომიტეტმა მონაკოში გუშინ გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია სახელწოდებით "საქართველოში არსებული მდგომარეობა", უკვე მიიღო, რომელიც პოლონელმა პარლამენტარმა მიხეილ შჩერბამ მოამზადა. მისი თანაავტორები კი 9 ქვეყნის 36 დეპუტატი გახლდათ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად გამოიყენა ტერმინი "ოკუპაცია". საუბარი ეხება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას და დევნილთა უპირობო დაბრუნებას. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპანტებისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ იქნა ეთნოწმენდა. მიღებულ რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ეუთო-ს დამკვირვებლების შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კენჭისყრამდე ეუთოს პოლიტიკურ კომიტეტში დებატები მოეწყო. რუსი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია არაკორექტული და სიმართლეს არ შეესაბამება.