„ახალმა  მემარჯვენეებმა“  დღეიდან კამპანია - „არა მონოპოლიას“ დაიწყეს

„ახალმა მემარჯვენეებმა“ დღეიდან კამპანია - „არა მონოპოლიას“ დაიწყეს

„მონოპოლია გვიძვირებს ცხოვრებას“ - შესაბამისი პლაკატებით, დროშებით  და ფლაერების დარიგებით,   „ახალმა მემარჯვენეებმა“  დღეიდან კამპანია - „არა მონოპოლიას“ დაიწყეს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ კამპანიის ფარგლებში  დღეს მეტრო „თავისუფლების მოედანთან“  აქცია  გამართეს.  აქციაში 30-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

„ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის ავთო კიკალიშვილის განცხადებით, დღეიდან „ახალი მემარჯვენეები“  მონოპოლიის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას.

მისი თქმით, საწვავზე, პროდუქტზე, მედიკამენტებზე ფასები, რომ  ძვირდება და ეს მოსახლეობის ყოფაზე აისახება.

„კამპანია „არა მონაპოლიას“  ჩვენი  წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა და მის ფარგლებში აქციები ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება“, - განაცხადა კიკალიშვილმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აქციაზე ასევე იმყოფებოდა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერზე ისაუბრა ბოლო დღეებში, გარდა მონოპოლიებისა, რადგან ხელისუფლება თვითონ ქმნის ამ მონოპოლიებს, მფარველობს მათ და თავად სარგებლობს იმ შემოსავლებით, რომელიც მონოპოლისტებს აქვთ.