დასაქმების სამინისტრო   სამი დეპარტამენტითა  და 30   საშტატო ერთეულით  განისაზღვრა

დასაქმების სამინისტრო სამი დეპარტამენტითა და 30 საშტატო ერთეულით განისაზღვრა

დასაქმების სამინისტროში სამი უწყება შეიქმნება. ამის შესახებ "საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" მიღებული მთავრობის დადგენილებიდან გახდა ცნობილი.

ახალი სამინისტროს ეს უწყებები იქნება -  უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისგან და სახელმწიფო ორგანოებთან და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

აქვე ცნობილი გახდა, რომ დასაქმების  მინისტრს ორი მოადგილე ეყოლება, საშტატო ერთეული კი 30-ით განისაზღვრა.

დასაქმების სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანებია: უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შრომის ბაზრის იმ სექტორების გამოვლენა, სადაც არსებობს ან შესაძლებელია შეიქმნას ვაკანსიები; უმუშევრობის სისტემური და უმუშევართა რაოდენობის სტატისტიკური კვლევა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა და აპარატის საქმიანობის თაობაზე ფართო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება.