ლევან კალანდაძე: ვაიძულებთ ხელისუფლებას მონოპოლიების შესახებ პრობლემა შეამჩნიოს

ლევან კალანდაძე: ვაიძულებთ ხელისუფლებას მონოპოლიების შესახებ პრობლემა შეამჩნიოს

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩის და ზვანის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. კალანდაძის განცხადებით, ოზურგეთისთვის ნომერი პირველი პრობლემა დასაქმებაა.

„სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის  მსგავსად ქალაქ ოზურგეთშიც დასაქმება  ყველაზე მძიმე პრობლემაა. შესაბამისად მოსახლეობას ძალინ უჭირს და მისთვის ჯანდაცვა, განათლება მიუწვდომელი ფუფუნებაა. დაზღვევის პოლისის ფლობის შემთხევაშიც კი ადამიანებს არ შეუძლიათ შეიძინონ წამალი, რომელიც საქართველოში არსებული ფარმაცევტული ოლიგოპოლიების  გამო ძალიან ძვირია. ამიტომ, „ახალი მემარჯვენეები“  ერთის მხრივ ვითხოვთ მოსახლეობის  სოციალური დაცვის მექანიზმი იყოს უფრო სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე, მეორეს მხრივ - სახელმწიფომ უზრუნველყოს მონოპოლიების მოსპობა საწვავზე, მედიკამენტებზე და ამით გაუიაფოს ცხოვრება მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით,  „ახალმა მემარჯვენეებმა“  მონოპოლიების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს და ისევე როგორც ქართული სოფელი გახადეს ქართულ პოლიტიკაში დომინანტური თემა, მონოპოლიებსაც დომინანტურ თემად აქცევენ.

„ვაიძულებთ ხელისუფლებას შეიმჩნიოს ეს პრობლემა“,- განაცხადა  კალანდაძემ.