ფონდი „ქართუ“  სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის დაჯილდოების შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის დაჯილდოების შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“  ფონდის მიერ,  სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის დაჯილდოების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად,  მიუხედავად ფონდის წინა განცხადებისა, მედიის ზოგიერთი საშუალება ფონდის მიერ სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის დაჯილდოების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას კვლავაც აგრძელებს. შესაბამისად, „ქართუში“ მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი  განმარტებას საჭიროებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდი „ქართუ“,  როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში პოლიტიკური სარჩულით არასდროს ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ფონდი დახმარებას უწევს საქართველოს  საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობითი და პოლიტიკური შეხედულებებისა.

განცხადების მიხედვით,  სპორტული მიღწევისათვის 2012 წლის 28 მაისს ფონდმა „ქართუმ“, სპორტსმენის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით უშანგი კუზანაშვილს  ჯილდო 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით გადასცა.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ფონდის საქველმოქმედო დახმარება გაიცემა მხოლოდ ამა თუ იმ პირის ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული ღვაწლისა და დამსახურების შესაბამისად, ხოლო სპორტსმენების შემთხვევაში კი - კონკრეტული სპორტული წარმატებისთვის. შესაბამისად, ფონდის მიერ დაფინანსებულ პირთა შორის თავისუფლად შეიძლება იხილოთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, წევრები ან სულაც დეპუტატობის კანდიდატები.   1. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი სპორტული მიღწევებისათვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდი „ქართუდან“ 2007 წლიდან იღებს. 2. 2012 წლის 19 მაისს უშანგი კუზანაშვილი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი სამბოში, რაც განსაკუთრებული შემთხვევაა ქართული სამბოს ისტორიაში, როცა ამ სახეოაბაში სპორტსმენი ხუთჯერ ხდება ევროპის ჩემპიონი. 3. ნიშანდობლივია არცთუ უმნიშვნელო გარემოებაც: აღნიშნული გამარჯვება საქართველოდან წარგზავნილმა სპორტსმენმა მოიპოვა რუსეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც სამბოს საკუთარ სპორტის სახეობად მიიჩნევს, დიდ ყურადღებს აქცევს და ყოველმხრივ მფარველობს. ამიტომაც, ძნელი მისახვედრი არ არის, რაოდენ დასაფასებელია იმ ქართველი სპორტსმენის წარმატება, რომელმაც რუსეთის დედაქალაქში საქართველოს დროშა აღამართინა და იქაურ საზოგადოებას ქართული ჰიმნი მოასმენინა. 4. ზემოხსენებული სპორტული მიღწევისათვის 2012 წლის 28 მაისს ფონდმა „ქართუმ“, სპორტსმენის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით უშანგი კუზანაშვილს გადასცა ჯილდო 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. 5. უნდა აღინიშნოს, რომ ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარებების გაცემა ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს ფონდი „ქართუსთვის“. სხვადასხვა პერიოდში მსგავსი ან გაცილებით დიდი ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარება (ჯილდო) მიიღო ფონდის უამრავმა ბენეფიციარმა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მუხრან მაჭავარიანი, გია ყანჩელი, ვახტანგ კიკაბიძე და სხვა მრავალი. 6. გამომდინარე ზემოთქმულიდან, სრულიად აშკარაა, რომ ფონდი „ქართუს“ მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ემსახურება მიზანს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს და ფუნქციონირება შეაწყვეტინოს მრავალწლიანი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე უდიდეს ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის უკან რამდენიმე ასეული საქველმოქმედო პროექტი და ათასობით ადამიანი დგას“, - ნათქვამია „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.