რეგიონებში პრობლემატური საკითხია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა

რეგიონებში პრობლემატური საკითხია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა

 „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ დღეს ჰოსპიტალური სექტორის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით სწრაფად შენდება თანამედროვედ აღჭურვილი მრავაპროფილური საავადმყოფოები და ძველი კლინიკების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს, რაც ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზების სამთავრობო სტრატეგიის შედეგად ხორციელდება.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან, ზოგიერთ მათგანზე კი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. 

„ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური წყაროა ჰოსპიტალურ სექტორის მფლობელობასა და მართვაში ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა. ზოგ საავადმყოფოში უპირატესობა შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იმპორტირებულ თუ წარმოებულ მედიკამენტებს ენიჭება. სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები ამჟამად სუსტია, ამასთან პრობლემატურია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა, რაც განსკუთრებით რეგიონებშია აქტუალური“, - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება სოციუალური დაზღვევის ვაუჩერებს, კვლევის თანახმად, სოციალური დაზღვევის ვაუჩერული სისტემიდან რეგიონალურ სისტემაზე გადასვლამ, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება მისცა, რომ კონკრეტულ რეგიონებში სოციალური დაზღვევის მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ. შედეგად კი კვლევის ავტორების თქმით, პაციენტებმა დაკარგეს შესაძლებლობა სოციალური დაზღვევის პროვაიდერი ან საავადმყოფო თავად აერჩიათ.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ანგარიშში ხაზგასმული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების გარეშე რეგიონების დარჩენის რისკი უნდა შემცირდეს ფინანსური სტიმულირებით, საავადმყოფოთა მფლობელებისთვის დამატებითი ვალდებულებების დაწესებისა და რეგიონებში სამედიცინო მომსახურებისა და საავადმყოფოების გაქრობაზე (ლიკვიდაციაზე) დროული რეაგირების პროგრამის შემუშავებით.

„ასევე, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფლებების გაზრდა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება, ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად განხორციელებული პოლიტიკის შედეგების უკეთ გააზრებისა და არსებულ გამოწვევებთან გამკვალებისთვის აუცილებელია სისტემის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადეს პრეზენტაციაზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კიდევ ერთ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც სადაზღვევო სექტორს შეეხება. 

კვლევის შედეგები ჟურნალისტებს პროექტის ანალიტიკოსმა ჰერარდ დებურმა და პროექტის ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ წარუდგინეს. აღნიშნული ანგარიში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა.