„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ჯგუფი  სამოქმედო გეგმის დეკლარაციას მიიღებს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ჯგუფი სამოქმედო გეგმის დეკლარაციას მიიღებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული მოძრაობა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კონფერენციას მართავს თემაზე - „ახალგაზრდული პოლიტიკის ახალი ხედვა“. პრესკონფერენციაზე ისინი დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც ახალგაზრდობის პოლიტიკის გატარების მიმართულებით, მათი სამოქმედო გეგმა გახდება.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, დეკლარაცია 10 პუნქტიანია და ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან პუნქტებს:

სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს ახალგაზრდობის პრობლემებთან და გამოწვევებთან შესაბამისი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და შექმნას საკანონმდებლო ბაზა, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ახალგაზრდისთვის მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ფენისა ან რაიმე სხვა ნიშნისა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდობის დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათ მაქსიმალურ ჩართვას, ასევე, განათლების ხელმისაწვდომობასა და პროფესიის მიხედვით დასაქმებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობები უნდა გათავისუფლდენენ პოლიტიკური წნეხისგან და უნდა მოხდეს მათი დეპოლიტიზაცია, ახალგაზრდების ინტელექტუალურ, სამეცნიერო, კულტურულ-შემოქმედებითი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენა, დემოკრატიული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება-დაფინანსება.

როგორც დეკლარაციაშია გაწერილი, ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა, გათვალისწინებულ უნდა იქნას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და სხვა ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა, სახელმწიფომ უნდა შექმნას ახალგაზრდების სოციალური და ჯანდაცვისთვის პირობები, უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სოციალური დახმარებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შექმნის გზით, ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

კონფერენციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო ესწრებიან.