„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონის ამომრჩევლებთან გრძელდება. კოალიციის წევრები კახი კალაძე და ზურაბ ზვიადაური ამჯერად ახმეტის რაიონს ეწვივნენ. ისინი ახმეტაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და რაიონში არსებული პრობლემები პირადად მოისმინეს.

მათ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვები და გზებიც წარმოადგინეს. როგორც კახი კალაძემ ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა, მათი შეხვედრის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის იმ რეალობის გაცნობაა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

„ხელისუფლება ტელევიზიაში სიბინძურის პროპაგანდას აწარმოებს და ვირტუალურ საქართველოს აჩვენებს. ჩავრთავთ ტელევიზორებს და გვგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, შენდება ქვეყანა, ძალიან ბევრი დასაქმებული გვყავს, ღარიბი ხალხი საერთოდ არ ცხოვრობს, მაგრამ როცა ტელევიზორებს გამოვრთავთ რეალობაში ვბრუნდებით და ვხედავთ თუ რამდენი დაუსაქმებელი ადამიანია, დღითიდღე როგორ იზრდება ემიგრანტების რაოდენობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს რეალობა შეიცვალოს“, - განუცხადა კალაძემ ადგილობრივებს.

რაც შეეხება ზურაბ ზვიადაურს, მან მოსახლეობას ერთად დგომისკენ და ერთსულოვნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ თითეული ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - აღნიშნა ზვიადაურმა.