ქართუ ჯგუფის“ აქციათა უცხოელი მეწილეები „თბილისი მარიოტში“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ

ქართუ ჯგუფის“ აქციათა უცხოელი მეწილეები „თბილისი მარიოტში“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ აქციათა უცხოელი მეწილეები საქართველოში იმყოფებიან და ისინი სასტუმრო „თბილისში მარიოტში“ 14:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.

ეს განცხადება, ფანჯიკიძემ „ქართუ ჯგუფი“-ს  დაყადაღების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით,  ამ ნაბიჯით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კანონს პატივს არ სცემს.

„ქართუ ჯგუფის დაყადაღებით და ამ ქონების აუქციონზე გატანით, სააკაშვილმა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს, რომ არაფრად აგდებს კანონსა და სამართლიანობას“, - განაცხადა მან.

ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ამ მეთოდებით ბრძოლით, ისევ სააკაშვილი დამარცხდება, რადგან მისი თქმით, ამ მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია.

ფანჯიკიძის მტკიცებით, კანონი და სამართალი მათ მხარესაა და ამას მთელი ცივილიზიბული სამყაროც აღიარებს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამ ქმედებებით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სააკაშვილის უძლურება და სისუსტე, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ნდობის კაპიტალი სულ უფრო იზრდება.

„მისთვის ამ ბანკის ჩამორთმევით, ვერ ავნებენ მის ვერც პოლიტიკურ და ვერც ფინანსურ კაპიტალს. ბანკი „ქართუ“ არის ინვესტიცია, რომელიც მან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ხელშეწყობით განახორციელა. ამის განეიტრალება, განიზრახა სააკაშვილმა. ამ უკანონო ბრძოლაში სააკაშვილი აუცილებლად დამარცხდება, ხოლო ჩვენ გავიმარჯვებთ და აღვადგენთ სამართლიანობას“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ბანკი „ქართუ“ აუქციონზე ისეა გატანილი, რომ ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში 1% არ არის.