მაია ფანჯიკიძე: 13 პირის დაჯარიმება   კოალიციის საქმიანობის შეფერხებისკენაა  მიმართული

მაია ფანჯიკიძე: 13 პირის დაჯარიმება კოალიციის საქმიანობის შეფერხებისკენაა მიმართული

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ტრადიცულ პრესკონფერენციაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საქმის დეტალებსა და მათ დაჯარიმებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საქმეში კოალიციიდან 13 პირი ფიგურირებდა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, მოსამართლე მიქაუტიძემ დაცვის მხარის არცერთი მტკიცებულება არ გაითვალისწინა და ამ პირებს მთლიანობაში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„მოსამართლე მიქაუტიძემ დაადგინა, რომ ეს პირები შემოწირულობის თანხების წარმომავლობას ვერ  ასაბუთებდნენ, არადა დაცვის მხარის მიერ ყველა მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ამ თანხების წარმომავლობა ზუსტდებოდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„13 პირის მიმართ მიღებული  გადაწყვეტილება მიმართულია არამხოლოდ მათ წინააღმდეგ, არამედ კოალიციის საქმიანობის წინააღმდეგ და მისი საქმიანობის შესაფერხებლად“, - აცხადებს ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძის განმარტებით, დაჯარიმებულ პირებს შორის არიან საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში - ზაალ გოქსაძე, ეროვნული ფორუმის თავმჯდომარის თანაშემწე - კახა ჩაკვეტაძე, ეროვნული ფორუმის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ავთანდილ ჩაკვეტაძე და კონსერვატორიული პარტიის პოლიტსაბჭოს - წევრი ბიძინა გუჯაბიძე.