კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ქართული მხარე არჩევნების წინ, სამწუხაროდ ხშირად ძაბავს სიტუაციას, რადგან ყურადღება არჩევნებიდან იქნეს გადატანილი. აფხაზების მიერ ხუთი გამშვები სასაზღვრო პუნქტის გახნას კი გალისა და ტყვარჩელის რაიონებში, კონფლიქტოლოგი აფხაზური მხარის შიშს უკავშირებს.
პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში მდგომარეობა ძალიან რთულია. განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. აფხაზეთში, შედარებით დალაგებული სიტუაცია რჩება. ქართულმა მოსახლეობამ არა მარტო სასაზღვრო რაიონების შიდა, არამედ გარე ტერიტორიებიც დატოვა. სარწყავი სისტემა მთლიანად მოშლილია. საძოვრები, ყანები, ბოსტნები და ა.შ. გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩა. ადგილობრივი გლეხები წამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ საარსებო საშუალება მოეხსნათ. აუცილებელია, აფხაზურ და ოსურ მხარებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა ამ ტერიტორიებს სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნდეთ და მოსახლეობაც საცხოვრებლად დაბრუნდეს.
აფხაზურმა მხარემ გალისა და ტყვარჩელის რაიონებთან კიდევ დამატებითი ხუთი სასაზღვრო გამშვები პუნქტის დადგმაზე გააკეთა განცხადება, რამდენიმე დღის წინ ხმაური მოჰყვა ზარდიანთკარის სასაზღვრო პუნქტის გადაწევას სამხრეთ ოსეთში. რატომ შეიქმნა დაძაბული ვითარება საზღვრისპირა რეგიონებში?
აფხაზები დიდხანია აპირებდნენ გამშვები პუნქტების გახსნას, თუმცა გამშვები პუნქტები ისედაც არსებობდა არაფორმალურად და მათ ე.წ არალეგიტიმური პუნქტები. ლეგიტიმურად აქციეს. ლეგიტიმური გამშვები პუნქტი იყო მარტო ენგურის ხიდზე, ახლა ლეგიტიმური გამშვები პუნქტები იქნება გალსა და ტყვარჩელშიც. გალელები უფრო იოლად და თამამად გაივლიან თავის სახლთან ახლოს მდებარე პუნქტზე.
რაც შეეხება დაძაბულობას საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-ოსეთს შორის გამყოფ ხაზებზე, მაინც არსებობს, რადგან ოსური და აფხაზური მხარე მაინც თვლის, რომ ისინი დაზღვეულნი არ არიან საქართველოს მხრიდან აგრესიისგან. მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ქართველ ჯარისკაცთა ავღანეთში სამსახურის შესახებ, რომ „შემდგომ ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ და ეს გამოცდილება გამოიყენონ“, აფხაზებმა და ოსებმა პირდაპირ აგრესიად აღიქვეს. ისინი თვლიან, რომ ქართული მხარე ავღანეთში მარტო აისაფის პროგრამაში კი არ მონაწილეობს, არამედ ავღანეთში სამხედრო გამოცდილების მისაღებად მსახურობს, რომელსაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ ჯობია, რომ მსგავსი განცხადებები უფრო ფრთხილად და გონივრულად იყოს წარმოთქმული, რათა შემდგომი დაძაბულობა არ გამოიწვიოს.ზარდიანთკარშიც გამშვები პუნქტის გადაწევამ ოსური მხარის გაღიზიანება გამოიწვია.
მე ვთვლი, რომ თუ ჩვენ ამ ხალხთან შერიგებას ვაპირებთ, მაშინ ჯობია ისეთი ქმედებები განვახორციელოთ, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და მეორე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებასაც არ გამოიწვევს. თუ მოსახლოება არ ენდობა ასეთი პუნქტების შექმნას. მაშინ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია.
მოახლოებული არჩევნების წინ, კონკრეტულად რაში აწყობს ხელისუფლებას დაძაბულობა საზღვრისპირა რაიონებში?
ყურადღების გადატანისთვის. სამწუხაროდ ეს პირველად არ ხდება, როდესაც ქართული ხელისუფლება ძაბავს სიტუაციას და შემდეგ ამას თავის სასარგებლოდ იყენებს. გავიხსენოთ, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღე-სწორედ იმ დღეს გალის რაიონში დაიწვა ორი ავტობუსი, რომელშიც ქართველი ამომრჩევლები ისხდნენ. ქართულმა მხარემ გაახმოვანა, რომ ეს აფხაზების გაკეთებული იყო. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების გაკეთებული იყო. მათ ამ ფაქტით, ქართული მოსახლეობის ყურადღება გადაიტანეს არჩევნებიდან ამ ფაქტზე. ასე, რომ სულ არ არის გამორიცხული, რომ იგივე განმეორდეს. ამიტომ,არჩევნების წინ. უფრო ყურადღებით და კრიტიკულები უნდა ვიყოთ მსგავსი განცხადებების კეთებისას.