სააკაშვილმა როგორც  ჩასვა ავტობუსში მთავრობა და ჭიათურაში წაიყვანა, ისე  ზუგდიდში დევნილებთან წაიყვანოს

სააკაშვილმა როგორც ჩასვა ავტობუსში მთავრობა და ჭიათურაში წაიყვანა, ისე ზუგდიდში დევნილებთან წაიყვანოს

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას  განცხადებით,  ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირე შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს  ცხოვრება მძიმე მდგომარეობაში უწევთ, შესაბამისად, „მემარჯვენეები“  მთავრობას ამ პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.  

ნაჭყებიას განცხადებით, პრეზიდენტმა როგორც ჩასვა ავტობუსში მთავრობა და წაიყვანა ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში, ისე ჩაიყვანოს და დაათვალიერებინოს, რა მდგომარეობაშია დევნილთა ჩასახლებები.

„აღარ მეგონა, თუ შამგონის, ზედაეწერის, რუხის ჩასახლებების შემდეგ რაიმე გამაკვირვებდა. სრულიად გაუსაძლისი მდგომარეონაა. ეს არის 10 ოჯახისთვის ჯოჯოხეთი და 9 ბავშვისთვის გაუსაძლისი მდგომარეობაა“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილებისთვის ნუგეშს არ წარმოადგენს, რომ ვიღაცას უკეთესი პირობები შეექმნა ფოთში ან ბათუმში.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აღიარა ყველა ის პრობლემა რომელზეც ამ ბოლო პერიოდში საუბრობდა ოპოზიცია და კონკრეტულად „ახალი მემარჯვენეები“.

ნაჭყებიას თქმით, ეს არის სოფლად შექმნილი უმძიმესი დგომარეობა, სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად გაჩანაგება, განათლების სისტემის უმძიმესი მდგომარეობა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა.  ნაჭყებიას აზრით,  „ახალმა მემარჯვენეებმა“  სოფელი დომინანტურ თემად აქციეს, მაგრამ არსებობს უამრავი სხვა პრობლემა.