აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაეროს რეზოლუციის დატოვებას უპასუხოდ არ აპირებენ

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაეროს რეზოლუციის დატოვებას უპასუხოდ არ აპირებენ

სოხუმში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიაჩესლავ ჩირიკბასა და დავით სანაკოევის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გაეროს 66-ე რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, განიხილეს და მუშაობის მომავალი გეგმები შეაჯერეს.

„ჩვენ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით შეთანხმებული პოზიცია გაგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ ადექვატურ გადაწყვეტილებასაც მივღებთ. ეს გადაწყვეტილება ჟენევაში შევათანხმეთ. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომლებიც ქვეყანაში შესასვლელ ვიზებს არ გვაძლევენ, რომ  ჩვენ წაგვართვეს ხმის ამოღების უფლება, რადგან ვერ დავესწარით გენერალური ასამბლეის სხდომას და ვერ დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ცალმხრივი რეზოლუციის მიმართ, რომელიც ჩვენს ზურგს უკან მიიღეს.

ამის ასე უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება, რეაქცია აუცილებლად იქნება, ყოველშემთხვევაში ჟენევის დისკუსიის ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკაშირებით მოლპარაკებების დროს“,-აღნიშნა ჩირიკბამ.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის  დავით სანაკოევის განცხადებით კი, რომელიც დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, გაეროს მიერ რეზოლუცია საქართველოს პროპაგანდისტული მიზნებისთვისაა გამოყენებული.

„გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქართული მხარის მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყო გაკეთებული.  ასეთ დოკუმენტებს პირველად არ იღებენ და მას სამხრეთ ოსეთში მხარს არ უჭერენ. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ  ჩვენი ნაყოფიერი მუშაობის მომავალი გეგემები განვიხილეთ“,-აღნიშნა სანაკოევმა.