ქეთევან ტომარაძე: მიხეილ სააკაშვილი ხალხს უპირისპირდება

ქეთევან ტომარაძე: მიხეილ სააკაშვილი ხალხს უპირისპირდება

პარლამენტის განათლების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, მწერალი ქეთევან ტომარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი ხალხს უპირისპირდება. 

„აღმასრულებელ სტრუქტურებში  ისეთი პირების დანიშვნა,  რომლებიც მოსახლეობის  უდიდეს ნაწილში  შეშფოთებას იწვევს, მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი კანონზე და ხალხზე მაღლა აყენებს თავს და არაფრად აგდებს   საღ აზრს“, – განაცხადა from.ge-სთან საუბარში ქეთევან ტომარაძემ.   

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს პირველკაცობა  მოსწონს და მმართველი გუნდის მეშვეობით სურს ხელისუფლებაში ყოფნა რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს.

ქეთევან ტომარაძის აზრით, სააკაშვილი თავს ვერ  აკონტროლებს და ყოველი მისი გამოსვლა არაკომპეტენტურობით,  სიცრუითა და შოუს სამარცხვინო დეტალებით  არის გაჯერებული. 

 „გამოცდების  ეროვნული ცენტრის მისამართით  პრეზიდენტის  მიერ   გამოთქმული იყო მძიმე  ბრალდებები, რასაც, წესით, მყისიერი   რეაქცია უნდა მოჰყოლოდა როგორც თავად „ბრალდებულების“, ისე ხელისუფლების მხრიდან.სახელმწიფოს  პირველმა პირმა დღემდე  არ იცის, რა ხდება  ქვეყანაში. კერძოდ, როგორ გაუმართავად მუშაობენ აღმასრულებელი  ხელისუფლების სტრუქტურები.  სააკაშვილი   უპასუხისმგებლოდ, ჰაერში  ისვრის ფრაზებს, რადგან   დარწმუნებულია,  რომ საზოგადოება ტოტალურმა ამნეზიამ შეიპყრო და აღარ ახსოვს რა შეფასებებს აკეთებდა სულ ცოტა ხნის  წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართ“, – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.

იგი განათლების ახალი მინისტრის ხატია დეკანოიძის მიერ გაცემულ დაპირებებზეც საუბრობს, რომელმაც აღნიშნა, რომ  მიზნის მისაღწევად 24 საათი იმუშავებს.

„მსგავს  ბოლშევიკურ   საკენკს  მოსახლეობა  აღარ ენდობა.   თუ ხატია დეკანოიძე   კოკა სეფერთელაძესთან ერთად აპირებს 24 საათი მუშაობას, მაშინ ნათელია, სულ მალე  რა შედეგების მომსწრენიც გავხდებით. ქალბატონმა მინისტრმა  უნდა   წარმოადგინოს განათლების  მისეული ხედვა, ახალი კონცეფცია, რადგან ძველი პრეზიდენტმა უკვე დაიწუნა.   ამასთან,  ახალმა მინისტრმა უნდა განგვიმარტოს,  რამდენად  ჰუმანური და დემოკრატიულია   საგამოცდო პიკის დროს  კადრების წინ და უკან გადაადგილება და ისედაც სტრესულ ვითარებაში  მყოფი ახალგაზრდების  მდგომარეობის  კიდევ უფრო დამძიმება“, – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ

მისივე თქმით, პრეზიდენტს  არაერთხელ ურჩიეს, რომ ვიდრე მინისტრებს სასწავლებლად შორეულ ქვეყნებში გააფრენდა, ეგებ უკვე  ნასწავლებისთვის მიეხედა, რათა  შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს და ქვეყანა როგორმე  ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ზნეობრივი  კრიზისიდან გამოვიდეს.