ბიძინა ივანიშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული, სპორტულ სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანები და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ. საუბარი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე და მათ მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ „კარდაკრზე“ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდში სამეგრელოს რაიონში იყო და აღნიშნა, რომ იქაც გამოსწორდა ეს სიტუაცია. როგორც ივანიშვილი აცხადებს, არცერთ ოჯახში მათი არ ეშინიათ და საზოგადოება თამამად აფიქსირებს თავიანთ პოზიციას.

„ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ვნახავთ რომ ჩვენ ყველა რეგიონში 90 % ზე მეტი მხარდამჭერი გვყავს. სიტუაცია რეალურად გადატეხილია და შიში ფაქტიურად გადალახულია, ძალა რომ ერთობაშია ამის მაგალითი დღესაც ვნახეთ აქ. ეხლა ერთია მთავარი, რამე უბედურება არ მოიფიქროს ნაციონალებმა და ვინმე არ დაზარალდეს ამით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

სპორტსმენებმა კოალიციის ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადეს და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს. დღესვე მათ კოალიციის ლიდერს სპეციალური მიმართვა გადასცეს, სადაც სპორტსმენების რამდენიმე პროექტია წარმოდგენილი.

„მიმართვას ხელს მოქმედი სპორტსმენები და ვეტერანები აწერენ. მათ შეიმუშავს სხვადასხვა პროექტები და გვინდა პოლიტიკურ საბჭოზე იყოს გამოტანილი“, - აღნიშნეს სპოტსმენებმა.

„რამდენი გამარჯვებულიც აქ არის, ეს ყველა უნდა შევკრათ და ეს ერთობა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში უნდა გამოვხატოთ“, - დასძინა ივანიშვილმა.