თელავის რეაბილიტაციაზე დასაქმებული  მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა

თელავის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა

თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, ერთ ერთი მუშა, 51 წლის ფრიდონ ქვაცაბაია მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ,  ქვაცაბაია აივნის  მოაჯირს დაეყრდნო, რა დროსაც მოაჯირი გადმოვარდა და მუშა გადმოიყოლა.

თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგის, გიორგი სვანიშვილის განცხადებით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიში არ არის.

„შემოყვანის დროს დაზარალებულს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, დიდი დახურული ჭრილობა თხემ-მკერდის მიდამოში, ჰქონდა მარჯვენა თვალის ჰემატომა, მარჯვენა მხრის მიდამოს და მარჯვენა წვივის დაჟეჟილობა. ჭრილობა დაუმუშვდა და მოთავსდა სტაციონარში. მდგომარეობა სტაბილურია“, -განაცხადა გიორგი სვანიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ერთ-ერთმა საქმეთა მწარმოებელმა აღნიშნა, რომ მუშებს ხშირად ღამის 2 საათამდე ამუშავებენ, ამიტომ ეს შემთხვევა შესაძლოა გადაღლილობას გამოეწვია.

„სამუშაო რომ ვერ ესწრება მუშებს აჩქარებენ, სამუშაო გრაფიკს უზრდიან. გუშინწინ, მაგალითად, ეგ ბრიგადა ღამის 2 საათამდე მუშაობდა და დილის 6 საათზე უკვე სამუშაოზე გამოცხადდნენ. ამდენი გადატვირთული მუშაობისგან ადამიანი ითიშება, გადაღლილები არიან“, - აღნიშნა საქმეთა მწარმოებელმა.

რაც შეეხება დაშავებულის ჯგუფის საქმეთა მწარმოებელი თამაზ ქობალია მშენებლობაზე ადამიანების შუაღამემდე მუშაობას უარყოფს. მისი თქმით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმებიც დაცულია.

„უსაფრთხოები ნორმები არ იყო დარღვეული. ეს ადამიანი რომ ჩაიცუცქა და ადგა ფეხზე, თავბრუ დაესხა და ეს იყო, მეტი არაფერი. მუშაობდა ჩვეულებრივ რეჟიმში, 10-დან საღამოს 6-7 საათამდე. ყველაფერი რიგზე იყო“, – აღნიშნა ქობალიამ.