უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის სრულმასშტაბური აგრესიის შესაჩერებლად და კიდევ ერთხელ გამოვიდა ლიდერების დონეზე შეხვედრის გამართვის შეთავაზებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი „პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას რუსეთის ომის დასრულებისა და ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.
„ჩვენ გვესმის განცხადებები რუსეთიდან და, თუ ეს მათი მხრიდან ომის ღირსეულად დასრულებისა და მართლაც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების სერიოზული მზაობის სიგნალია, და არა უბრალოდ ომისთვის დროის მოგებისა და სანქციების გადავადების მცდელობა, მაშინ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, უკრაინაც და მსოფლიოც ხვდებიან, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში და ვის ევალება ომის დასრულება.
„უკრაინა აცხადებს, რომ მზადაა გადავიდეს განცხადებების გაცვლისა და ტექნიკური დონის შეხვედრებიდან ლიდერების დონეზე საუბარზე. ამას ამერიკა გვთავაზობდა, უკრაინა კი მხარს უჭერდა. ახლა საჭიროა რუსეთის მზაობა“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პარასკევს ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ ისაუბრა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესზე. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საჭიროა „საფუძვლიანი საუბრების წარმოება, თანაც არა საჯაროდ, არამედ მშვიდად, მოლაპარაკებების პროცესის სიჩუმეში“.