ლევან კალანდაძე: სამინისტროების შექმნით და მინისტრების დანიშვით ქვეყანაში ახალი  სამუშაო ადგილები არ იქმნება

ლევან კალანდაძე: სამინისტროების შექმნით და მინისტრების დანიშვით ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კანალდაძის შეფასებით, დასაქმების მინისტრის პოსტისა და ამ უწყების შექმნით ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა არ მოგვარდება.

კალანდაძის განცხადებით, ნებისმიერ ეპოქაში, დროსა თუ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს  ბიზნესი ქმნის და არა სახელმწიფო. მისი განმარტებითვე,  სახელმწიფომ  შეიძლება  შექმნას მხოლოდ ხელსაყრელი გარემო ბიზნესის განვითარებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის.

„თავად სამუშაო ადგილების გენერირება მხოლოდ ბიზნესის მიერ ხდება. განსაკუთრებით კი,  ეს მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში ახალი  სამუშაო  ადგილები შეიქმნას, აუცილებელია  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმნათ. კონკრეტულად,  შევუმციროთ მათ საგადასახადო წნეხი, უარი უნდა ვთქვათ, ბიზნესის წინააღმდეგ   საგადასახადო და პოლიციურ ტერორზე,  უნდა შევქმნათ სპეციალური პროგრამები და აშ.  ჩვენ სამწუხაროდ,  პრირიტეტები აღრეული გვაქვს. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიზნესის განვითარება,  ბიზნესის მაქსიმალური გათავისუფლება წნეხისგან და არა სამინისტროების და ახალი უწყებების შექმნა“, - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძის თქმით, პრაქტიკულად უცვლელია ის  პოლიტიკა,  რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ის ბიზნესისა და ეკონომიკურად საზოგადოების გაძლიერებაზე  არაა ორიენტირებული.

„შესაბამისად,  რამდენი სამინისტროც არ უნდა შევქმნათ,  რამდენადაც კარგი პიროვნებები არ უნდა დავნიშნოთ ამ პოსტზე, თუ პოლიტიკური ვექტორი არ შეიცვალა  და სტრატეგიული გეგმა არ  შემუშავდა  არაფერი  შეიცვლება. სამინისტროების შექმნით და მინისტრების დანიშვით ქვეყანაში ახალი  სამუშაო ადგილები არ იქმნება“, - განაცხადა კალანდაძემ.