ზვიად ძიძიგური: ახალ  მთავრობას ახალი არაფერი შემოუთავაზებია, რატომ არის ახალი, ვერ გამიგია

ზვიად ძიძიგური: ახალ მთავრობას ახალი არაფერი შემოუთავაზებია, რატომ არის ახალი, ვერ გამიგია

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, დღეს ოფიციალურად დამტკიცებულ ახალ მთავრობას ახალი არაფერი შემოუთავაზებია.

როგორც ძიძიგურმა From.ge - სთან საუბარში განაცხადა, დღემდე ის პროცესები გრძელდება, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო.

„მე ის უფრო გამიკვირდებოდა პარლამენტს რომ  არ დაემტკიცებია ეს მთავრობა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამით არც შემადგენლობაში, არც პროექტებისა და ინიციატივების შემოთავაზებაში, არ მომხდარა რაიმე ძირეული ცვლილებები. რატომ არის ახალი ვერ გამიგია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

„ქართული ოცნების“  წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ მინისტრების გადახარისხება მოხდა. რადგან მისი თქმით, მერაბიშვილი და ახალაია აქამდეც ისეთივე ძლიერ და საპასუხისმგებლო სტრუქტურებს მართავდნენ, როგორ თანამდებობებზეც ისინი ეხლა აღმოჩნდნენ.

„ რაც შეეხება დაპირებებს, ეს დაპირებები უკვე 8 წელია გვესმის, ვინ დაუშალათ  ამის შესრულება მათ ამ დრომდე ან რატომ არ არის დღემდე გაკეთებული არ მესმის. იმედი მაქვს ეს შეკითხვები საზოგადოებაშიც არის დაგროვილი“ , - აღნიშნავს ძიძიგური.

მისივე თქმით, 3 თვის შემდეგ საზოგადოებას „ქართული ოცნება“  მოევლინება მთავრობაში, რომელიც რეალურად გაატარებს ძირეულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ყველა ეს ფაქტი იქნება გამოძიებული და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითები დაყენებული.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა ახალი მთავრობა ოფიციალურად დაამტკიცა და მას ნდობა გამოუცხადა.