ხელისუფლებისა და ივანიშვილის „დაზღვევის“ განსხვავებები

ხელისუფლებისა და ივანიშვილის „დაზღვევის“ განსხვავებები

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის გამოცხადებისას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება, ანუ ქვეყანა „საყოველთაო დაზღვევის“ კურსს განახორციელებს. ხელისუფლების წარმოამდგენლებმა და სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა ამ პროგრამას სოციალისტური უწოდა.

რამდენიმე დღის საქართველოს ახლადარჩეულმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმაც განაცხადა, რომ მთავრობა „საყოველთაო დაზღვევის“ კურსს განახორციელებს.    სადაზღვევო კომპანიებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის „საყოველთაო დაზღვევის“ პრინციპებს შორის განსხვავება დაინახეს.

„სამთავრობო გეგმა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ მოქალაქეების დაზღვევას, ვისაც დაზღვევის შესაძლებლობა არ აქვს.  ამ შემთხვევაში ცნება „საყოველთაო დაზღვევა“ სავარაუდოდ  დაზღვევის ხელმისაწვდომობას  ნიშნავს და ხელისუფლება  სწორედ იმ მოქალაქეების დაზღვევაზე საუბრობს, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს. არ მგონია, მთავრობა ყველა მოქალაქის დაზღვევას აპირებდეს, ადამიანს,  რომლის შემოსავალი  500–600 ლარზე მეტია, თავისუფლად შეუძლია გაცილებით უკეთესი დაზღვევა შეიძინოს“,- აცხადებს სადაზღვევო კომპანია „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი commersant.ge–სთან  საუბარში.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთი თვის წინ განმარტავდა, რომ მტავრობის ახალი ინიციატივით, ხელისუფლების ამოცანაა 2012 წლის ბოლოსთვის, საქართველოში  ყოველი მეორე ადამიანი იყოს დაზღვეული.

„1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ შეძენილი სადაზღვეო პოლისი დაფარავს ამბულატორიულ მომსახურებას 100%-ით. პოლისი ასევე მოიცავს გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებას. ჩვენ ლიმიტებიც გავზარდეთ ოპერაციების - თუ ადრე 12 000 ლარამდე იყო ლიმიტი, ახალ სადაზღვევო პოლისში 15 000 ლარამდეა გაზრილი. მთავრობის ამოცანაა, ქვეყანაში წლის ბოლოსთვის ყოველი მეორე ადამიანი იყოს დაზღვეული. დღეს სადღაც 800 000 ადამიანს აქვს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სადაზღვევო პოლისი. იმ პროგრამით, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 1 600 000 -1 700 000-მდე ადის. ამას ემატება ის ადამიანები, ვისაც აქვს კერძო დაზღვევა", - აღნიშნა მინისტრმა.

ახალი პრემიერის ინფორმაციით კი, ჯანდაცვის დაზღევა საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება. 

„ჯანდაცვის დაზღვევის მიზნით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება 3 მილიარდი ლარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის დაზღვევა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს. 1 სექტემბრიდან დაზღვევას მილიონ 900 ათასი ადამიანი მიიღებს. სოციალური დახმარების მიზნით კი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება 3 მილიარდი ლარი“,-განაცხადა მერაბიშვილმა.