მაია ფანჯიკიძე: სასამართლოს მიერ, კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებული  გადაწყვეტილებები  არასამართლიანია

მაია ფანჯიკიძე: სასამართლოს მიერ, კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არასამართლიანია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე  სააპელაციო სასამართლოს მიერ, კოალიციისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არასამართლებრივს უწოდებს.

ფანჯიკიძის განცხადებით,  მიმდინარე წლის 29 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებაზე და კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილებაა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი განცხადების განხილვა ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშინ, როცა საქართველოს სასამართლოებს ორი-სამი დღე ყოფნით  ის გადაწყვეტილებები გამოიტანონ, რაც კოალიციისთვის საზიანოა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“  შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებაა.  

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯარიმის გადახდის ვადა 5 ივლისს იწურება. ხელისუფლების ყველა მცდელობა, ხელი შეუშალოს „ქართულ ოცნებას“ უშედეგო აღმოჩნდება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის განცხადებით,  ასევე უკანონო იყო ხელისუფლების ქმედება „ბანკი ქართუსა“ და „ქართუ ჯგუფის“ აქციების დაყადაღებაზე. მისი განმარტებით, ივანიშვილი მხოლოდ „პროგრესს ბანკში“ ფლობდა წილს.

„ბანკი ქართუს“ 100% - იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფია“,  „ქართუ ჯგუფის“ 100%-იან წილს კი, თავის მხრივ, ექვსი კომპანია ფლობს, საიდანაც ოთხი უცხოურია. უცხოურ კომპანიებში წილს მართლაც ფლობდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, მან იგი 2 მაისს გაასხვისა და თავის შვილს გადასცა. ამით დასტურდება, ის თუ როგორ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. ეროვნული ბანკის განცხადება, რომ ივანიშვილი  „ქართუ ჯგუფის“ ბენეფიციარი იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“,  - განაცხადა ფანჯიკიძემ.