სოსო ცინცაძე: მერაბიშვილი არც მავრის როლში და არც ქართველი მედვედევი  არ იქნება

სოსო ცინცაძე: მერაბიშვილი არც მავრის როლში და არც ქართველი მედვედევი არ იქნება

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენას დადებითაც აფასებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  ეს მისასალმებელი ნაბიჯია.

ცინცაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას შემდეგ,  საქართველოს ძლიერი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია და ის დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს და  ის ძლიერი პრემიერ-მინისტრი იქნება.

„ჟვანიას გარდაცვალებიდან,  მთელი ეს მონაკვეთი დღემდე,  ყველა  პრემიერ-მინისტრი დაწყებული ნოღაიდელით და   გილაურით დამთავრებული, რაღაც კომპრომისი,  გაუგებრობა იყო. პოლიტიკური თვალსაზრისით,  ერთგვარად ეს უკვე სტაბილურობის გარანტია იმიტომ რომ მერაბიშვილი არც მავრის როლში და არც ქართველი მედვედევი  არ იქნება. ასევე მერაბიშვილი არ იქნება ადგილის შემნახველი, როგორც  ოპოზიციუიდან განწყობილი ადამიანების კომენტარებიდან მოვისმინე.  ასე რომ იყოს, მაშინ იდელაურ პიროვნებას, თუ ვინმესთვის  ადგილის შენახვა იყო საჭირო გილაურზე უკეთეს ვერავინ მონახავდა.  ამავე დროს,  ისიც უნდა აღინიშნოს,  რომ მერაბიშვილი უცნობი პიროვნება  არაა. მან, როგორც მენეჯერმა თავისი კვალიფიკაცია უკვე დაამტკიცა,  უკვე დაამტკიცა,  რომ თუკი საქართველოში რომელიმე რეფორმა ეფექტური აღმოჩნდა პირველ რიგში,  ეს რა საკვირველია,   პოლიცია და პატრულის რეფორმაა, რომელიც ასე იოლად ჩასატარებელი არ იყო“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძის თქმით, თვისებები, რომლებიც მერაბიშვილმა გამოავლინა კარგი მენეჯერი, მტკიცე ხასიათი, ძლიერი პოლიტიკოსი და  საქმეზე აქცენტირებული  პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მნიშვნელოვნად გამოადგება.

„მერაბიშვილი არ იყო ისეთი საჯარო პოლიტიკოსი, რომელსაც ტელევიზორში ხშირად ვხედავთ, ან ინტერვიუს ხშირად იძლევა.  ის უფრო პრაგმატიკოსია,  ამიტომ ვფიქრობ,  რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით,  მერაბიშვილი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის მნიშვნელოვანი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაა“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძეს მიაჩნია, რომ მართებული იქნება, თუ მერაბიშვილი რამდენიმე მინისტრს  ხელმძღვანელობას ჩამოაშორებს.

„თუ მერაბიშვილი ერთ-ორ ოდიოზურ,  პოლიტკურ მინისტრს მოიშორებს კარგი იქნება.  პირველ რიგში,  მხედველობაში მყავს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული საკითხთა მინისტრი კალმახელძე. ის უკვე პოლიკური  მინისტრია. მინისტრი,  რომელიც გაიძახის,  რომ ციხეებში, პატიმრები ასაკის გამო იღუპებიან მაშინ, როცა  არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით ირკვევა,  რომ ყველაზე ხანდაზმული დაღუპული პატიმარი ორმოცი წლისაა.  გარდა ამისა, აღსანიშნავია, ის რაც უკანასკნელ დღეებში ერთ - ერთ საპყრობილეში მოხდა, საიდანაც რაღაც ინფორმაციამ არაოფიციალურად გამოჟონა,  რომ 80 პატიმარი გადაანაწილეს და ციხის უფროსს ბრალი ერთ-ერთი პატიმრის  გაუპატიურებაში   ედება.   ამაზე  კალმახელძე კი, კომენტარს არ აკეთებს.  აი,  ესეთი მინისტრი რა საკვირველია,  რბილად რომ ვთქვათ,  ამ თანამდებობას არ შეეფერება.   ასეთი  კიდევ, ერთი ორი მინისტრია“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძესთვის  მნიშვნელოვნად რჩება როგორი იქნება ახალი მინისტრთა შემადგენლობა და ასევე  გამოიყოფა თუ არა პოლიციისა და უსაფრთხოების სფერო, რომელსაც უკვე ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ერთად უძღვებოდა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი წარმატებული მინისტრობიდან  წარმატებულ პრემიერ- მინისტრობასაც შეძლებს.

„პრემიერ-მინისტრის მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაცილებით ფართოა ვიდრე ვთქვათ, ერთი უწყების ხელმძღავნელის.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში,  პრემიერი პასუხს  სოციალურ სფეროზე აგებს. ის ფაქტი,  რომ მერაბიშვილმა ლაკონურად უკვე ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტებები ესაა დასაქმება და ჯანდაცვა,  ეს უკვე მიგვანიშნებს ძირითადად რაზე იქნება აქცენტირებული.  ვფიქრობ, მერაბიშვილს ვიდრე გილაურს და მის უკანასკნელ სამ-ოთხ პრემიერს,  რომლებიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება ან თუ დარჩება,  რბილად რომ ვთქვათ,  ლაით ფორმაში, უფრო მეტი შანსი აქვს რეალურად  წარმატებული  პრემიერი იყოს. არამხოლოდ  ვთქათ,  ამ სფეროზე  პასუხიმგებელი  არამედ,  სფეროს კეთილდღეობის გარანტიც“, - განაცხადა ცინცაძემ.