როდესაც ცდილობ, რომ აურაცხელი მუსიკალური მოვლენებიდან შეარჩიო ყველაზე მნიშვნელოვანი, ისე რომ არაფერი დაგრჩეს შეუმჩნეველი და ვინმეს გულისწყრომაც არ დაიმსახურო - აქაოდა ესა და ეს ამბავი როგორ გამორჩაო, ალბათ უმთავრესით უნდა დაიწყო, მერე კი ყველაფერი თავისთავად აეწყობა და გამორჩენის შემთხვევაში არც შემსრულებელი დაგძრახავს, მით უფრო თუ აწ გარდაცვლილია და იმქვეყნიური სიამტკბილობიდან გამომდინარე, წყენას გულში აღარც ჩაიდებს და აუცილებლად ღიმილის თვალით გადმოგხედავს...
უმთავრესიო, ვთქვი და მოდით The Beatles-ით დავიწყოთ, რომლისთვისაც სექტემბერი განსაკუთრებით პროდუქტიულია, რადგან ლეგენდარული ოთხეულისათვის სწორედ ამ პერიოდთანაა დაკავშირებული არაერთი საინტერესო მოვლენა. დავიწყოთ იმით, რომ 1965 წელს სულ რაღაც ორი დღის ინტერვალით გამოდის Yesterday ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ინგლისში, რასაც მოჰყვება The Beatles-ის წლის საუკეთესო ჯგუფად აღიარება. 1966 წელს კი ოთხეული ჰიტ-პარადებს სათავეში უკვე ალბომ Revolver-ით მოექცა. პოლ მაკარტნის ათწლეულების მანძილზე არაერთი ჰიტი შეუქმნია, მაგრამ მსოფლიო პოპულარობის თვალსაზრისით Yesterday-ის ალბათ ბადალი არ ჰყავს, რადგან როკ-მუსიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას აღიარებენ ისეთი ჯაზმენები, როგორიცაა ჰერბი ჰენკოკი, ჩიკ კორეა და სხვანი და სხვანი. ვერაფერს იტყვი, მართლაც საოცარი მელოდიაა, რომელიც მუსიკაში ოდნავ ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა ზეპირად იცის იქნება ეს მოზარდი, პენსიონერი, თუ ამ სიმღერის ასაკით ტოლი პიროვნება.
Yesterday-ის გამოსვლის შემდეგ კი ზუსტად ათმა წელიწადმა განვლო, როდესაც «ფლოიდურმა ხმოვანებამ» სამყარო კიდევ ერთი შედევრით გააოცა. საინტერესოა, რომ ალბომი Wish You Were Here სწორედ რომ ამ ხმოვანების ფუძემდებელს ეძღვნებოდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად Pink Floyd-ს სურდა ამ ალბომის სიდ ბარეტთან ერთად ჩაწერა. ეს ვერ მოხერხდებოდა ბარეტის იმდროინდელი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ Shine On You Crazy Diamond და დანარჩენი მარგალიტები მომდევნო ალბომ Animals-თან ერთად, ოთხი წლის შემდგომი The Wall-ის ერთ-ერთ წინაპირობად იქცა.
Wish You Were Here მოასწავებდა ახალ ეტაპს Pink Floyd -ის შემოქმედებაში. ვინ იცის ოთხეულმა განჭვრიტა კიდევაც, როგორი იქნებოდა სიდ ბარეტის მუსიკალური შეხედულებები 1975 წელს, რომ არა ნარკოტიკები. ზოგადად ალბომი შეიძლება მონოტონურად გვეჩვენოს Pink Floyd -ის «არაროკენროლურობის» ფონზედაც კი. ამიტომაც, თუ ჩვენს ირგვლივ მყოფი მელომანების აზრებს დავეყრდნობით, ძნელია რომ ჰპოვო ადამიანი, რომელიც ამ ალბომს ჯგუფის რეპერტუარიდან საუკეთესოდ მოიაზრებს. მავანნი იტყვიან «დარქ საიდიო», უმეტესობა «ვოლიო», ხოლო სნობიზმით გამსჭვალული საზოგადოება იმასაც კი მოგახსენებთ, სიდ ბარეტის მერე, Pink Floyd საერთოდ რა მოსასმენიაო. მე კი მოკრძალებით მაინც ვიტყვი, ალბათ ვინ უნდა გამოარჩევდეს Wish You Were Here -ს Pink Floyd -ის ალბომთაგან. აკი დევიდ გილმორმაც ხომ გვამცნო ეს ამბავი რამდენიმე წლის წინათ - რაც Radiohead გაჩნდა, Pink Floyd -ის არსებობას აზრი დაეკარგაო. ახლა კი თავად განსაჯეთ, თუ რა იგულისხმა ადამიანმა ამ ნათქვამით. ხომ გახსოვთ თვით სიმღერა Wish You Were Here -ს ამ პოპულარულ ჯგუფისეული ვერსია. მგონი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც სულიერ მამებს პატივს სცემენ.
ირკვევა, რომ სექტემბერი განსაკუთრებული თვეა The Wall -ის ისტორიაში. რეჟისორი მელ კილმერი 1981 წელს ამავე სახელწოდების ფილმის გადაღებას შეუდგა, ხოლო 9 წლის შემდეგ კი როჯერ უოტერსმა საკონცერტო ალბომი The Wall: Live In Berlin გამოსცა. ვინ აღარ ღებულობდა მონაწილეობას ალბომის ჩაწერაში. ზოგიერთ მუსიკოსს მაინც ჩამოგითვლით: ვან მორისონი, ჯონი მიჩელი, კლაუს მაინა, სინდი ლაუპერი, ბრაიან ადამსი. ხოლო Thin Lizzy-ის ვეტერან გიტარისტ სნოუი ვაიტის ხილვა როჯერ უოტერსის ჯგუფში დღესდღეობითაც შესაძლებელია.
1969 წლის სექტემბრის თვეს უკავშირდება ჯონ ლენონის Plastic Ono Band-ის დებიუტი მუსიკალურ სცენაზე. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შეხვდებოდა მას Beatles-ის თაყვანისმცემელთა მთელი არმადა. ჯონთან და ქალბატონ იოკო ონოსთან ერთად სცენაზე ერიკ კლაპტონი და ჯიმი ჰენდრიქსის დრამერი - აწგარდაცვლილი მიჩ მიჩელიც წარსდგნენ. ამ უკანასკნელის ადგილი კი მალე დღევანდლობამდე Yes-ის დრამერმა - ალან უაიტმა დაიკავა.
ზემოთხსენებულ მიჩ მიჩელთან და ბასისტ ბილი კოქსთან ერთად გარდაცვალებამდე სულ რაღაც სამიოდე კვირით ადრე ჯიმი ჰენდრიქსმა მონაწილეობა მიიღო Isle Of Wight-ის ფესტივალზე. სწორედ აქ აღიბეჭდა ფირზე სამუდამოდ Freedom-ის, In From The Storm-ისა და Dolly Dagger-ის საკონცერტო ვერსიები. ალბომმა Blue Wild Angel დღის სინათლე მხოლოდ 2002 წელს იხილა, ხოლო ამავე პერიოდში დაწერილი სიმღერები 1971 წლიდან მოყოლებული ზედიზედ გამოჩნდა ალბომებში Cry Of Love, Rainbow Bridge და War Heroes. თუკი ჯიმი ჰენდრიქსის უკანასკნელი ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი 1970 წლის აგვისტოს მიწურულსაა შედგენილი, მისი ბოლო სცენური ვოიაჟი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე - 16 სექტემბერს ლონდონში შედგა.
მუსიკოსი სიეტლშია დაკრძალული, ხოლო ჩანაწერების გამოქვეყნებაზე უფლებებს 1995 წლიდან მოყოლებული ჯიმის და - ჯენი ჰენდრიქსი ფლობს. სწორედ ამ პერიოდიდან დაწყებული საგრძნობლად ამაღლდა ჯიმის ადრინდელი ჩანაწერების ჟღერადობის ხარისხი. ასევე მეტად გარკვეულია დამოკიდებულება ამა თუ იმ ჩანაწერის მიზანდასახულობასთან თუ არსთან დაკავშირებით. მაგალითად ირკვევა, რომ Cry Of Love ჯიმის წარმოედგინა Electric Lady Land-ის მსგავსად ორდისკიან ალბომად. ჯგუფს კი უნდა რქმეოდა First Rays Of The New Rising Sun. 1997 წელს ჯენი ჰენდრიქსმა ალბომი ამ სახელწოდებით გამოსცა და აღადგინა 1969-1970 წლებში ჩაწერილი მასალა, რომელიც სამ სტუდიურ ალბომში Cry Of Love, Rainbow Bridge და War Heroes იყო გაბნეული 1971-72 წლებში. ხმის ინჟინერი კი კვლავაც ჯადოქარი ედი კრამერია, რომლის Electric Lady Land სტუდია დღემდე ვითარდება და 80 წელს გადაცილებული პროფესიონალი ანალოგურთან ერთად, უკვე ციფრულ ტექნოლოგიებსაც დიდი ხანია მშვენივრად ითავსებს. მოდით ბარემ ვახსენოთ ედი კრამერის ხმის ინჟინრობის ზოგიერთი შესანიშნავი ნიმუში: Led Zeppelin - ალბომები (Led Zeppelin II, Houses Of The Holy, Physical Graffity), The Beatles, Rolling Stones, დევიდ ბოუი, ჯონ მეიალი, კურტის მეიფილდი, Kiss, Whitesnake და სხვა მრავალი. ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანდა...
სექტემბერში აღესრულა გლემ-როკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მარკ ბოლანი. ფიგურა, რომლის სახელთანაც დიდწილად არის დაკავშირებული როკის კომერციალიზაცია ფრანტმენის სცენური მორთულობების თვალსაზრისით. რომ არა მარკ ბოლანი და ალის კუპერი, ძნელია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნებოდა Kiss-ის სასცენო იმიჯი. სექტემბერი ამ უკანასკნელის დებიუტითაც - Kiss Alive აღინიშნა შორეულ 1975 წელს.
1968 წელს კოპენჰაგენში პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე The New Yardbirds, რომელიც სულ ცოტა ხანში Led Zeppelin-ად გადაკეთდა და მთელი იმდროინდელი როკ-სამყარო Dazed And Confused მდგომარეობაში ჩააყენა. სადებიუტო ალბომის ამავე სახელწოდების სტუდიური შედევრი 6 წუთს აღწევდა, კონცერტებზე კი კომპოზიცია 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, რაშიც ვიოლინოს ხემით გიტარაზე დაკვრას მეორეხარისხოვანი როლი ნამდვილად არ ენიჭებოდა.
ერთი წლის შემდეგ კი შედგა Deep Purple-ის დებიუტი ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში ახალ მომღერალ იან გილანთან და ბასისტ როჯერ გლოვერთან ერთად. Episode Six-ის დუეტი უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მათ როკ-ნ-როლ ბენდთან ერთად ლონდონის სიმფონიური ორკესტრი დახვდათ, რომელთან ერთადაც ჩაწერილი ალბომი Concerto For The Group And The Orchestra მალე მოევლინა ქვეყნიერებას. საინტერესოა, რომ ვინილის დისკი 54 წუთს გრძელდებოდა, ორდისკიანი ალბომის გამოშვება კი პროდიუსერებმა არ გარისკეს. ამ შემთხვევაში ალბომში ამერიკული It's A Beautiful Day-ს Bombay Calling-ის მიხედვით შექმნილი ეპოქალური კომპოზიციის Child In Time საკონცერტო ვერსია შევიდოდა, რაც სტუდიური ალბომის - ანუ In Rock-ის გამოსვლამდე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. აქვე შესრულებული Wring That Neck-ის 15 წუთიანი ვერსია კი ზემოთხსენებულ Child In Time -თან ერთად 1977 წელს გამოსული ნაკრებით - Powerhouse გაიცნო მსმენელმა.
1980 წლის სექტემბერს უკავშირდება Black Sabbath-ის დატოვების შემდეგ ოზი ოსბორნის ბენდის პირველი კონცერტები. ოზიმ წარსულში Rainbow-ს ბასისტ ბობ დეისლის, კლავიშებზე შემსრულებელ დონ ეირისა და Uriah Heep-ის დრამერ ლი კერსლეიკის სახით უაღრესად გამოცდილი მუსიკოსები შეიძინა ალბომ Blizzard Of Ozz-ზე სამუშაოდ. მაგრამ ალბომს განსაკუთრებულ ხიბლს 17 წლის გიტარისტი რენდი როუდსი სძენდა, რომლის დაღუპვამ დაჩრდილა ოზის Crazy Train ხალისიანი დებიუტი და ვინ იცის გამოიწვია კიდევაც ამ ბენდის დაშლა, რადგანაც სანამ ოზი ახალ გიტარისტს დაეძებდა, კერსლეიკი Uriah Heep-ში დაბრუნდა და თან ბობ დეისლიც წაიყვანა. რენდი როუდსის ადგილი მომავალში ჯეიკ ლიმ დაიკავა და უკვე განახლებული შემადგენლობით ოზიმ ალბომი Bark At The Moon ჩაწერა.
1968 წელს ფანტასტიკად შეირაცხა კოლექტივის Chicago Transit Authority გამოჩენა. რამდენადაც გრძელი იყო ჯაზ-როკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელწოდება, იმდენად ხანგრძლივი იყო მისი ალბომები და რაც მთავარია იმპროვიზაციები. ჯგუფის პირველი ოთხი ალბომი ორდისკიანია, ხოლო ლაივ-ალბომი კი ოთხ! ვინილდისკიანი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ სახელწოდებაც მალევე Chicago -მდე დავიდა, 1976 წლიდან მოყოლებული, კომპოზიციებიც საგრძნობლად გამარტივდა. მე-10 - ეგრეთ წოდებული «შოკოლადის ალბომი» Chicago -ს სტაჟიან თაყვანისმცემლებს კარგად ემახსოვრებათ, ხოლო მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტი If You Leave Me Now კი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ ბას-გიტარისტსა და მომღერალ პიტერ სეტერას ეკუთვნის. სეტერას სექტემბერში 66 წელი შეუსრულდა.
სექტემბერში ასევე იუბილარია თბილისის სპორტის სასახლის სცენა გამოვლილი კიდევ ერთი ბას-გიტარისტი პიტერი, ოღონდ სეტერასაგან განსხვავებით იგი დღემდე საკუთარ, უკვე 40 წლის Nazareth-ის შემადგენლობაშია. ეს პიროვნება ბასისტი პიტი ეგნიუ გახლავთ. დენ მაკაფერტისთან ერთად მან 2008 წლის ალბომით თითქოს მსმენელებს კიდევ ერთხელ შეახსენა ერთხანს ევროპის ერთ-ერთი პოპულარული როკ-ჯგუფის არსებობის შესახებ.
დავამთავრებთ კი ყველაზე უბრალოთი და სასიხარულოთი. მოდით მივულოცოთ დაბადების დღე ასევე თბილისში ნამყოფ მუსიკოსს. მსოფლიო ბლიუზის მეფედ აღიარებულ ბი ბი კინგს 16 სექტემბერს 85 წელიწადი უსრულდება.