ჩვენი დევიზია უფასო ჯანდაცვა ყველას!

ჩვენი დევიზია უფასო ჯანდაცვა ყველას!

"არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სახელმწიფოსაგან მიტოვებული არიან“,- განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა დღეს მცხეთაში გამართულ აქციაზე.

ივანიშვილის თქმით, უამრავი გაღატაკებული  და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეა  მკურნალობისთვის გაწეული კატასტროფული ხარჯების გამო. ასეთი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

„ 21-ე საუკუნეში ადამიანები უექიმობისა და უწამლობის გამო იღუპებიან.  ჩვენში წამლის ფასი ევროპულს უტოლდება და ხშირად აღემატება კიდეც მას, თუმცა წამლების უმეტესობა სრულიად უხარისხოა და განკურნებისთვის გამოუსადეგარი. ამის გამო, ჩვენი მოსახლეობა სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი.

ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი გახდება“,- აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ   სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე!

მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ უკვე შემუშავებული აქვს ჯანდაცვის კანონპროექტი, რომელშიც ზედმიწევნითაა განსაზღვრული და ასახული ყველაფერი. რასაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პირდება მოსახლეობას.

„თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ ყოველ მეორე მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევა, და ჩვენ კარგად ვიცით მათი დაპირების ფასი, ჩვენი დევიზია უფასო ჯანდაცვა ყველას! ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს ექნება სამედიცინო დაზღვევის უფრო ყოვლისმომცველი პაკეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული.

და ეს ყველაფერი არის დეტალურად  დაანგარიშებული, კარგად გათვლილი და გააზრებული.

ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე  საარსებო მინიმუმია. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება.

ასეთია ჩვენი განაცხადი და ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, ამაში ყველანი დარწმუნდებით, როდესაც ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და მოვა ხელისუფლებაში.

ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ! “განუცხდა ივანიშვილმა მცხეთაში შეკრებილ აქციის მონაწილეებს.ბიძინა