"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ფონდი ქომაგთან უშუალო კავშირში მყოფი მოქალაქეების დაკითხვას აპროტესტებს

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"  შსს-ს მიერ ფონდ ქომაგთან უშუალო კავშირში მყოფი იმ მოქალაქეების მასობრივ დაკითხვას აპროტესტებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ფონდი „ქომაგს“ დახმარების სათხოვნელად მიმართეს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ადამიანები შსს-მ მოწმის სტატუსით სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად დაიბარა, რომელსაც მათი ინფორმაციით ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის", "საზოგადოებრივი დამცველის" იურისტები დაესწრნენ.

ცენტრის ინფორმაციით, ეს მოქალაქეები არიან: გიორგი კაშია; როზა ჯანიკაშვილი; ლილი ხურითი; ამირან სიჭინავა; გიორგი კორკოტაშვილი; ვალერიან გიორგაძე; ვლადიმერ მირიანაშვილი; სვეტლანა გოგოხია; მერაბ ყოლბაია; ლალი ჯიჯავაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები - გიორგი კაშია და როზა ჯანიკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების გარშემო დაკითხეს.

„ეს ბრალდება გულისხმობს არა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებულ დანაშაულს, არამედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, იგივე – "ფულის გათეთრებას"“, - აღნიშნა განცხადებაში.

აქვე ორგანიზაცია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გამოვლენილია "ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა", რომელშიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები ფიგურირებენ.

"როგორც "ქომაგის" ადვოკატი, შალვა შავგულიძის აცხადებს, დასაკითხად დაბარებულ პირებს თანხებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშებზე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ურიცხავდნენ.

"ქომაგში" არსებულ საბჭოში შედიოდა დახმარების მსურველთა განცხადებები და განხილვის შემდეგ საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას, რომელი პირისთვის ჩაერიცხათ თანხები საზღვარგარეთ მყოფი დიასპორის წარმომადგენლებს. შავგულიძის თქმით, პროკურატურაში დასაკითხად დაბარებულთაგან, ზოგიერთს თანხა არც ჩარიცხვია და მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოხუცებულის საპენსიო ანგარიშს ყადაღა დაედო. ყადაღა ადევს ყველა იმ მოქალაქის ანგარიშს, რომლებიც დაკითხვაზე დაიბარეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს მოქალაქეთა დევნას მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დახმარებისთვის მიაკითხეს ფონდ "ქომაგს" მიაკითხეს.

„ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, კონკრეტულად კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და პატივი სცეს კონსტიტუციით გარანტირებულ მათ უფლებებს. ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, დააკვირდნენ ფონდ "ქომაგთან" დაკავშირებული პირების დევნის პროცესს და მოახდინონ რეაგირება",-ნათქვმია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებაში.