წიკლაურისგან  ხავსი უფასოდ  „ქრისტიან-დემოკრატებს“

წიკლაურისგან ხავსი უფასოდ „ქრისტიან-დემოკრატებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა  ნუგზარ წიკლაურმა ქრისტიან-დემოკრატებს დღეს ხავსი უფასოდ შესთავაზა. წიკლაურმა „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო სლოგანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ისეთ დაპირებებს იძლევა, რისი შესრულებაც რეალისტური და შესაძლებელია.

"პოპულიზმი არის იოლი. ეს პოპულიზმი კვებავდა თქვენს რწმენას, როდესაც ამბობდით, რომ რაღაცა 5 თეთრი, რაღაცა 10 თეთრი, ხოლო წყალი უფასო. ამაზე შემიძლია მხოლოდ ის დაგიმატოთ, რომ ხავსი ჩვენგან ასევე უფასოდ თქვენ”, - მიმართა წიკლაურმა “ქრისტიან-დემოკრატებს”. 

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების პოზიტიური დინამიკა შეუმჩნეველი მხოლოდ ბრმას შეიძლება დარჩეს.

პოლიტიკური დებატების დროს, დეპუტატებმა დღეს 4 წლიანი მუშაობა შეაფასეს.

“აქ ითქვა, რომ დღეს არის ბნელი და უკუნი, მეორედ მოსვლის წინაპირობები და როცა თვითონ მოვლენ, მაშინ საქართველოში რუსთველისეული იდილია გაჩნდება, სადაც თხა და მგელი ერთად მოძოვენ და სადაც ველურ კაპიტალიზმს ნაზი და ცივილიზებული სოციალიზმი შეცვლის. “ქრისტიან-დემოკრატებისგან” ამის თქმა ცოტა უცნაურია”, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე განმარტებით, გასული 4 წლის საქმიანობა შეიძლება ასე შეჯამდეს – შექმნა ახალი ქვეყნის და შექმნილის დაცვა როგორც გარე ისე შიდა მტრებისგან.