სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს ე.წ „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვას მიესალმებიან, თუმცა აღნშნავენ, რომ მათი მოქმედების პერიოდი კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია.
„ეს შენ გეხებაში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიერ საკომიტეტო განხილვებისას წარდგენილი რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტი გაუმჯობესდა, თუმცა ხელისუფლებას კანონის მოქმედების ვადის გაზრდისკენ მოუწოდებენ და განცხადებას აქვეყნებენ.
„კერძოდ, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პრინციპების ამოქმედება სავალდებულო იქნება არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე, რაც სრულად არ მოიცავს საარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებებების თაობაზე.
მივიჩნევთ, რომ კანონპროექტმა სრულად უნდა მოიცვას საარჩევნო პერიოდი და აღნიშნული პრინციპების მოქმედება დაადგინოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიზიაროს რეკომენდაცია კანონის მოქმედების ვადის გაზრდის თაობაზე და ასახოს იგი კანონპროექტში“,- ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.