საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ, მოწმის სახით დაკითხული ადამიანების საქმის შესწავლას ითხოვს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საია-ს ადვოკატები გაესაუბრნენ მოქალაქეებს, რომლებიც ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ, ე.წ. მოდულის შენობაში მოწმის სახით დაიკითხნენ და მათი ინფორმაციით, მოქალაქეების: გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების ურთიერთშეჯერების შედეგად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.
საია-ს განცხადებითვე, ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ფონდ „ქომაგს“ ნამდვილად მიმართეს.
„მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ“, - ნატქვამია საიას განცხადებაში.
საია-ს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი. საია-ს განმარტებით, მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას.
საიას თქმით, აქვე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბელქანიას განცხადებით, მას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი. როგორც საია-ში განმარტავენ, იგი დაავადებულია „ც“ ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ასციტით.
„2012 წლის 5 ივნისს ქურიძემ გაიკეთა ოპერაცია, 8 ივნისს გადაიყვანეს იმუნოლოგიის ცენტრში მკურნალობის გაგრძელების მიზნით, 9 ივნისს პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და განუცხადეს, რომ დაკითხვაზე უნდა წაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციები იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქურიძის დაკითხვა დროულად ვერ მოხერხდა, იგი შეუძლოდ გახდა და ამიტომ საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს იგი ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა. როგორც თავად განმარტავს, გაუსივდა სხეული და სუნთქვის უკმარისობა შეექმნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მისი საშუალებით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. საბოლოოდ, ქურიძის დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა“,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია-ს განცხადებით, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცველები მათ უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო რაიმე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან.
„მაგალითად, ბელქანია აღნიშნავს, რომ მას ასეთი კითხვები დაუსვეს: ,,გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, თუ ოქტომბერში არჩევნებს წააგებთ?“ „რატომ ხართ ოპოზიციაში, როცა გაქვთ დენი, გაზი და წყალი“ - ამბობენ საიაში.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მითითებულ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს მთელ რიგ კითხვებს.
„მაგალითად, რატომ მივიდნენ მოწმის სახით დასაბარებელ ბელქანიასთან პოლიციელები მის არასრულწლოვან შვილთან ერთად და ამ გზით ადგილი ხომ არ ჰქონდა მოწმეზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, მუქარას ან იძულებას. ასევე, გაუგებარია, თუ რატომ გახდა აუცილებელი ახლად ნაოპერაციები ადამიანის ჯანმრთელობის გარისკვის ფასად მისი დაუყოვნებლივ დაკითხვა? ხოლო თუ ეს მართლაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რატომ არ დაიკითხა იგი თავიდანვე საავადმყოფოში? მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად, არა მხოლოდ მოწმე, არამედ ბრალდებულიც კი შეიძლება დაკითხულ იქნეს ,,დასაკითხის ყოფნის ადგილას" და შესაბამისად, მაინც და მაინც პოლიციის შენობაში პირის დაკითხვა არც აუცილებლობაა და არც სამართალდამცავ ორგანოებზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ასევე მიუღებელი და დაუშვებელია დასაკითხ პირისთვის ზემოაღნიშული შინაარსის შემცველი კითხვების დასმა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ობიექტურად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი - დისციპლინურს თუ სისხლის სამართლებრივს.