NDI: მთავრობისა და პარლამენტის ვალდებულებაა არჩევნებისთვის  ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ხელი შეუწყონ

NDI: მთავრობისა და პარლამენტის ვალდებულებაა არჩევნებისთვის ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ხელი შეუწყონ

დღევანდელ პრესკონფერენციაზე  NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოების ნდობის განმტკიცების მიზნით, პარლამენტსა და მთავრობას  რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა , მათ შორის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ვალდებულებაა.

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრის  პერ ეკლუნდის განცხადებით,  მთავრობისა და პარლამენტის ვალდებულებაა, ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას,  საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას, პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს, რათა ყველა პროცედურა იყოს გამჭვირვალე.  

საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით კი, NDI-ის წარმომადგენლები მთავრობას ურჩევენ, უზრუნველყოს კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება.

„წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის აქტუალურობის და მის გარშემო არსებული დისკუსის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს და განიხილოს დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და ამით უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილს ნორმების თანაზომიერად აღსრულების თაობაზე. ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არჩევნების შემდეგ მოხდეს საარჩევნო კამპანიის და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მრავალპარტიულ ფორმატში განხილვა“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.

მთავრობასა და პარლამენტს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულებით ანგარიშვალდებულების გაზრდისკენაც მოუწოდებენ - როგორც პერ ეკლუნდი განმარტავს, საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი დამოკიდებულია პროცესში ჩართულობასა და მის გამჭვირვალობაზე.

პერ ეკლუნდმა აღნიშნა, რომ კანონის აღმსრულებლებმა, პროკურორებმა და სასამართლოებმა, ისევე როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ზედმიწევნით უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, პასუხი აგებინონ საარჩევნო კანონმდებლობით ამომრჩევლის და კანდიდატების უფლებების დამრღვევ პირებს, არჩევნებში მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ კანონს და სადავო საკითხები გაასაჩივრონ სასამართლოებში.