იზოლატორში მყოფ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსამდე ამანათები არ აღწევს

იზოლატორში მყოფ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსამდე ამანათები არ აღწევს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის, პატიმრობაში მყოფი ზაქარია ქინქლაძის ადვოკატის ქეთი ზაქარიაშვილის გაცხადებით, ყვარლის დროებით მოთავსების იზოლატორში ზაქარია ქინქლაძეს საკვებს არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ზაქარია ქინქლაძემდე მისი ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათები არ აღწევს.

„რაც ზაქრო დაკავებულია, ჩვენ სამი ამანათი შევაგზავნეთ, მაგრამ მასთან მხოლოდ ძალიან  მცირე რაოდენობით მიაღწია. ზაქრო კვირას დააკავეს, ორშაბათს პატარა ჭიქით უშაქრო ჩაი და პატარა ნაჭერი პური შეუტანეს, სამშაბათს საღამოს კი 2 პომიდორი და 1 კიტრი, ძალიან პატარა ნაჭერი პური და პატარა ნაჭერი ყველი. გუშინ და გუშინწინ არაფერი შეუგზავნიათ. ფაქტიურად არ აჭმევენ. მართალია, თვითონ მას ნერვიულობის გამო მადა არ აქვს, მაგრამ ორგანიზმმა საკვები ხომ უნდა მიიღოს. კაცს უკვე შიმშილობა ეტყობა“, - განაცხადა ზაქარიაშვილმა.

მისივე თქმით, ზაქარია ქინქლაძემდე არც ტანსაცმელსა და ჰიგიენის ნივთებს მიუღწევია.

„კაცს პერანგი გამოსაცვლელი აქვს, პირი გასაპარსი, ფჩხილები დასაჭრელი. რომ დააკავეს, მეორე დღესვე შევუგზავნეთ ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები, მაგრამ ზაქრომდე ამ ყველაფერს არ მიუღწევია“,- განაცხადა ზაქარიაშვილმა.

ცნობისთის, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.

27 ივნისს, ზაქარია ქინქლაძის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ისინი დადგენილების  ბათილად ცნობას და პატიმრობიდან ქინქლაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ამ დრომდე არ ჩაბარებია.

ზაქარია ქინქლაძის საქმეზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის უკანონო პატიმარია. არაერთი უფლებადარღვევის ფაქტზე ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატი ქინქლაძის საქმით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამავე მდგომარეობაში არიან კასპის რაიონის სოფელ დოესის მაცხოვრებლები, რომლებიც სარწყავი წყლის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს და ადმინისტრაციულ პატიმრობას ისინიც ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდიან.