თინა ხიდაშელი: სააპელაციო სასამართლოს სააკაშვილის გადაწყვეტილების კორექტირების უფლება არ ჰქონდა

თინა ხიდაშელი: სააპელაციო სასამართლოს სააკაშვილის გადაწყვეტილების კორექტირების უფლება არ ჰქონდა

„რესპუბლიკური პარტიის“  ერთ-ერთი ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონო და გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ხიდაშელმა From.ge სთან საუბარში აღნიშნა, ეს გადაწყვეტილებაც ისეთივე დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული იყო, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და საერთოდ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

„რომ გითხრათ, რომ ძალიან გაოცებული ვარ და არ ველოდი სააპელაციოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას-თქო, მოგატყუებთ. სრულიად მოსალოდნელი და გასაგები იყო გადაწყვეტილების მიზეზი - სასამართლოს სააკაშვილის გადაწყვეტილებაში კორექტირების შეტანის უფლება არ ჰქონდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, კოალიცია გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და იმედი გამოთქვა, რომ ზემდგომი ინსტანცია არჩევნებამდე მოახერხებს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

„რაც შეიძლება სწრაფად მივმართვათ უზენაეს სასამართლოს. ამ ინსტანციამაც თუ არ გაწელა ვადები და დროულად გაგვცა პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არჩევნებამდე მოხერხდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის 21 იანვარს გაასაჩივრა. სარჩელის განხილვა, რომელიც  ხუთი თვის შემდეგ დაიწყო, დღეს არადამაკმაყოფილებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.