კახა კალაძე: დადიანის ქუჩაზე იყო შეთავაზება, ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, ვიღაცებმა თქვეს უარი - სამწუხაროდ 10 ათასამდე ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული

კახა კალაძე: დადიანის ქუჩაზე იყო შეთავაზება, ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, ვიღაცებმა თქვეს უარი - სამწუხაროდ 10 ათასამდე ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული

დადიანის ქუჩაზე შეთავაზება გვქონდა ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, 37 ოჯახი გამოგვეყვანა და მომხდარიყო ჩანაცვლება. ყველა ხარჯს ჩვენ ვიღებთ, მუნიციპალიტეტი, ოჯახები ქირით გაგვყავს. მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგები არიან, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„დედაქალაქის მერია მზად არის, იგივე ფართი მისცეს, რა ფართშიც ცხოვრობს ადამიანი, რაც აქვს დარეგისტრირებული და არც არის მის საკუთრებაში. ხშირია, შემთხვევები, ვიღაცას უკანონო მოშენება აქვს და ითხოვს იმის დაკანონებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება. ჩვენ ვთავაზობთ ახალაშენებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლში გარემონტებულ ბინებს. არიან ადამიანები ვინც ამას ეწინააღმდეგებიან, თუ არ იქნება 100%-ით თანხმობა, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება ძალით გამოვიყვანოთ ეს ოჯახები.

კონკრეტული მაგალითი, დადიანის ქუჩაზე, იყო შეთავაზება, ვიღაცებმა თქვეს - არა და მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ 10 ათასამდე ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს, აქტიურად და ჩაერთონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა გააჩნია - იაქტიურეთ, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს. ჩვენ მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბინებიც გადავეცით, ხალხი ბედნიერია, მაგრამ გვინდა რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი ავარიული სახლი ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩამოიშალა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

4 მაისს თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.