"კონფერენცია მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა შედეგებია მიღწეული ჩიკაგოს სამიტის შემდეგ"

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს, ბათუმში სასტუმრო „რედისონ ბლუ”-ში გაიხსნა. მიმდინრე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ კომენტარები გააკეთეს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელეტ ვალანდერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილმე, ნოდარ ხარშილაძემ.

სელეტ ვალანდერის თქმით, ის მოხარულია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით იღებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და აქვე აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის აზრით, რეგიონულ და გლობალურ დონეზე უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია ობამა-სააკაშვილის თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ იმართება, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა. ჩემს გამოსვლაში ხვალ, სწორედ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგებსა და თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრებ", - აღნიშნა სელეტ ვალანდერმა.

ნოდარ ხარშილაძის თქმით კი, კონფერენცია მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა შედეგებია მიღწეული ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შემდეგ.

"კონფერენცია მნიშვნელოვანია იმის ფონზე, თუ რა შედეგებია მიღწეული ჩიკაგოს სამიტის შემდეგ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ და აღნიშნა, რომ კონფერენციას ესწრება მრავალი ცნობილი ექსპერტი და პოლიტიკური მოღვაწე, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს მეშვიდედ იმართება. ხვალ კონფერენციას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერ უსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები, ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მომავალი საფრთხეები და გამოწვევები.