ახალი მემარჯვენეები სოფელი რუისში წყლის პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ

ახალი მემარჯვენეები სოფელი რუისში წყლის პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ქარელის რაიონ სოფელ რუისში წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოსო ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფელი რუისი საქართველოში ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ერთ ერთი უდიდესი  სოფელია. სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ 2000 ჰექტარზე მეტ სახნავ - სათეს მიწაზე კი  სარწყავი წყლის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. როგორც ბორცვაძემ აღნიშნა,  რუისის მოსახლეობისა და მათი ოჯახების მოსავალი, ყოველ წელს ამინდის და წვიმის იმედად არის დარჩენილი.

„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამაყობს თანამედროვე საჩვენებელი წვეთოვანი სარწყავი სისტემებით, მაშინ როდესაც ათასობით ჰექტარზე მოყვანილი მოსავალი შიდა ქართლში მოურწყავობის გამო ხმება. ჩვენ არაერთხელ შევაჩერეთ ყურადღება ამ პრობლემაზე გორის, კკასპის, ხაშურისა და ქარელის სოპლების მაგალითზე. მოსახლეობა  წლიდან წლამდე ისევ წვიმაზეა დამოკიდებული. ძალიან კარგია მორწყვის  წვეთოვანი სისტემების დანერგვა ქვეყანაში, მაგრამ ერთეული რაოდენობით შემოტანილი ამ სისტემის ტელევიზიით ჩვენება  არ ხსნის დღის წესრიგიდან სარწყავი წყლის პრობლემას. მობრძანდეს გოროზია რუისში და ვანახებთ ათობით ათას ჰექტარს სადაც სარწყავი წყალი დღემდე არ არის და არც პერსპექტივაში ჩანს რამის იმედი,"- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.

"ახალი მემარჯვენეები"   სოფლის მეურნების მინისტრისგან და მთავრობისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ ნაბიჯების გადადგმას და სპეცღონისძიებების გატარებას, რათა მოსახლეობა წლევანდელ წელს ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეს. ამასთან 2013 წლის ბიუჯეტში გარანტირებულად უნდა გამოიყოს მიზნობრივი თანხა  შიდა ქართლის რეგიონში სოფლების სარწყავი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.