მაია მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა

მაია მიმინოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიმინოშვილმა ცენტრის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია" დააარსა.

როგორც მიმინოშვილი აცხადებს, ასოციაციის ძირითადი მიზანი კვლევების საფუძველზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციების შესწავლა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებაა. მისი თქმით, გუნდის საერთო ძალისხმევა განათლების სფეროში  დაგროვილი გამოცდილების ამავე სფეროს განვითარებისკენ იქნება მიმართული.

„ეს ორგანიზაცია შექმნა გუნდმა, რომელიც 10 წელი განათლების სისტემაში მუშაობდა და რომელმაც საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. ასევე, ამ გუნდმა განათლების კუთხით არაერთი კვლევა ჩაატარა, თუმცა აქამდე ეს კვლევები სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. ჩვენ კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს ასოციაცია წარმატებული იქნება", - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა მაია მიმინოშვილმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთანაც აპირებს თანამშრომლობას.

მიმინოშვილის თქმითვე, ორგანიზაციის საქმიანობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდება და აღნიშნა, რომ  USAID-თან, ევრაზიასთან, სოროსის ფონდთან, ასევე ერთ-ერთ ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

საჯარო რეესტრის სააგენტომ ასოციაცია მიმდინარე წლის 25 ივნისს დაარეგისტრირა. ასოციაციაში 60 თანამშრომელია.